შალვა ნათელაშვილი თავს ამჯერად ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს ესხმის.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯორჯ კენტს შეფასებებს უწუნებს. არ მოსწონს, რომ ვაშინგტონისთვის „ქართული ოცნების“ მთავრობა პროდასავლურია, და არც ის მოსწონს, რომ ნიკა მელიას ქცევა ამერიკიდანაც კანონდარღვევად ჩანს.
„თქვენ საჩუქარი გაუკეთეთ ივანიშვილს, როდესაც გამოაცხადეთ ის პროდასავლური კურსის მიმდევრად, საქართველოში პუტინის სცენარით ჩატარებული არჩევნები მიიჩნიეთ სამართლიანად, ხოლო პოლიტიკური პატიმრები გამოაცხადეთ კანონის დამრღვევებად.
თქვენი განცხადება ოპოზიციური პარტიის ლიდერზე ნიკა მელიაზე, რომელიც დააპატიმრეს ანტირუსულ, ანტისაოკუპაციო აქციაზე აქტიურობისათვის, რომ თითქოს მან მოიხსნა ელექტროსამაჯური, მოწყვეტილია ობიექტურობას და რეჟიმის წაქეზებაა პირდაპირ, რათა მან განაგრძოს რეპრესიები, რომლის მსხვერპლი უკვე გახდა არაერთი პოლიტიკოსი და აქტივისტი?!“, - წერს საქართველოს „ლეიბორსიტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი Facebook-ზე და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯორჯ კენტს მიმართავს.
ამ თემაზე დღეს კომენტარის გაკეთება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა არ ისურვა. ნაწილი კი ნათელაშვილს ისევ ღიად ემიჯნება. „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლები მას რიტორიკას უწუნებენ.
„მსგავსი საქმის გარჩევა, პარტნიორებთან, დიპლომატებთან, ადამიანებთან, რომლებიც წლებია ჩვენი მეგობრები არიან და საქართველოს თემებს კარგად იცნობენ და ჩვენ სასარგებლოდ მუშაობენ მიუღებელია. რა თქმა უნდა, თავიდან უნდა ავირიდოთ მსგავსი რიტორიკა. მით უმეტეს, როცა მძიმე პოლიტიკური კრიზისია, როცა ყველა ჩართული ვართ და ისინიც არიან მოლაპარაკების პროცესში, ამ დროს გვმართებს ზომიერება. ზოგადად მსგავსი რიტორიკა, როცა მეგობრებს ვესაუბრებით, არაა სასურველი“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ.
პარტია „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას თქმით კი მათ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ უახლოესი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების მიმართ არანორმატიული ლექსიკა.
„ჩვენ ვთვლით, რომ ეს ადამიანები აკეთებენ იმას, რაც ინსტიტუციურად ევალებათ, რაც არის მუდამ როგორც ევროპული კავშირის, ასევე საქართველოს დემოკრატიის საბრძოლო წესებში, ამიტომ არ მივიჩნევთ რომ მათდამი კრიტიკულობა უნდა სცდებოდეს გონივრულ ზღვარს“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ამასთან, ამ თემაზე საუბრისას ზურაბ ჯაფარიძემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ კენტის განცხადებები აშშ-ის სენატში საქართველოსთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო იყო.
ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის სათქმელის გამხმოვანებლია.