არჩეული ვარ, როგორც პარლამენტის წევრი და მე მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას, რის შესახებაც საზოგადოებას ვაცნობებ, - ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა საერთო შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. კითხვაზე იქნება თუ არა მედიატორის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ბაქრაძის ინდივიდუალური ხელმოწერა, მან უპასუხა, რომ მოლაპარაკებებში პარტიის სახელით არ იღებს მონაწილეობას.
„პარტიების სახელით მე არ ვსაუბრობ და არ ვიღებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. არ ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ დოკუმენტზე ცალკეული პირების ხელმოწერა იქნება. ალბათ დოკუმენტი იქნება პარტიული ხელმოწერებისთვის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე მექნება ჩემი გადაწყვეტილება. მე არჩეული ვარ, როგორც პარლამენტის წევრი და მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას, რის შესახებაც საზოგადოებას ვაცნობებ“, - განაცხადა ბაქრაძემ.
მან ასევე დასძინა, ეჭვს არ იწვევს ის, რომ კრიზისის დასრულება ქვეყანას სჭირდება.
კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში ხვდება.
დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12-19 მარტს გაიმართა. 22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციას გააგრძელებს.