ოპოზიცია შეთანხმების ჩასაშლელად ნიადაგს ამზადებს - უგულავა დანიელსონს დაუპირისპირდა

ოპოზიცია შეთანხმების ჩასაშლელად ნიადაგს ამზადებს - უგულავა დანიელსონს დაუპირისპირდა

ოპოზიცია შეთანხმების ჩაშლისთვის ნიადაგს ამზადებს და წინასწარ ასახელებს იმ არგუმენტებს, რომლითაც გაამართლებს კრისტიან დანიელსონის შეთავაზებაზე უარის თქმას - ასე აფასებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განცხადებას, რომელმაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა გადამწყვეტი შეხვედრის მიმდინარეობის პარალელურად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დააყენა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონის მედიაცია არასრულფასოვანია. მისი თქმით, ორშაბათს დანიელსონი რამდენჯერმე შეხვდა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს და მათთან შეაჯერა მომავალი შეთანხმების დეტალები, თუმცა ოპოზიციასთან მსგავსი კონსულტაცია არ გაუმართავს.

აქედან გამომდინარე უგულავა ევროპელ მედიატორის მოუკერძებლობას პრაქტიკულად ეჭვის ქვეშ აყენებს.

„ოპოზიციას უნდა რომ ჩაიშალოს მოლაპარაკებები, ამის დასტურია უგულავას განცხადება, ამიტომაც მოძებნეს ეს ფორმა - წინასწარ მოამზადეს ნიადაგი, რომ შემდეგ დაიძახონ „ჩვენ არ ვიღებთ ამ დოკუმენტს და შეაფასებენ, როგორც მთავრობის გავლენით შედგენილ დოკუმენტს“.

„თუ ევროპელების მედიაციით შეთანხმება ჩაიშალა, შემდეგ დაიწყებენ, რომ „ჩვენ კი გვინდოდა მოლაპარკება, მაგრამ ჩაიშალა და ახლა ამერიკელები ჩამოვიდნენ და ისინი ჩაერთონ მედიაციაშიო“. მათ ხომ საერთოდ არ აღელვებთ ევროპელების რეპუტაცია და ეს განცხადება არის ევროპის შეურაცხყოფა. არ მგონია, რომ აშშ ამ ფორმატში ჩაერთოს, რადგან ანგარიშს გაუწევს თავის პარტნიორ ევროპას“, - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყარელიძემ.