ეს უკვე აუტანელია. ან უნდა შევთანხმდეთ, ან არ უნდა შევთანხმდეთ, მაგრამ უნდა დავასრულოთ ეს პროცესი, ასე გაგრძელება არ შეიძლება, - ამის შესახებ სანდრო რაქვიაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა. „გირჩის“ წევრმა იმაზეც ისაუბრა თუ რა საკითხები უნდა დათმოს მოლაპარაკების ამა თუ იმ მხარემ.
„ჩვენ ნათქვამი გვაქვს არაერთხელ, რომ თუ ამ ორ საკითხზე „ვიჭედებით“ და ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს, მგონი, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დათმოს პატიმრების საკითხები, რამდენადაც მტკივნეული ან არაპოპულარული უნდა იყოს ეს მათთვის. პატიმრების საკითხი „ოცნების“ დასათმობი იქნება და არჩევნების - ოპოზიციის. რა ფორმით მოხდება ეს, ამაზე საუბარი ნაადრევია, მალე მაინც გავიგებთ, რამდენიმე საათის საკითხია ეს. ეს არსი ყველაზე ადეკვატური კომპრომისი. რთულად წარმომიდგენია პირიქით იყოს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში ხვდება.
დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12-19 მარტს გაიმართა. 22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციას გააგრძელებს.