ანრი ოხანაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა იმის საფუძველი, რომ დღეს ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან ზის

ანრი ოხანაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა იმის საფუძველი, რომ დღეს ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან ზის

შევახსენებ საზოგადოებას, ის რომ დღეს ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან ზის (და ამას კომპრომისს ეძახიან), ამის საფუძველი შევქმენით ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“, როცა უფლებამოსილება არ შევუწყვიტეთ, - ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მხარეებმა არა ვიწროპარტიული, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესებით უნდა იხელმძღვანელონ.

„ჩვენ რომ ოპოზიციის დეპუტატებისთვის უფლებამოსილება შეგვეწყვიტა, მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას აზრი აღარ ექნებოდა. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე ვგრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, ვგრძნობთ და ჩვენი გადაწყვეტილებები ნაკარნახებია იმით, რომ არ შევქმნათ რაიმე ფორმის კრიზისი, რისი შექმნის მცდელობაც მათ აქვთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში ხვდება.

დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12-19 მარტს გაიმართა. 22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციას გააგრძელებს.