სოზარ სუბარი: ძალიან კარგად იციან, რომ გასაღები მათ ხელშია, უბრალოდ, ურჩევნიათ, ნიკა მელია ციხეში იჯდეს

სოზარ სუბარი: ძალიან კარგად იციან, რომ გასაღები მათ ხელშია, უბრალოდ, ურჩევნიათ, ნიკა მელია ციხეში იჯდეს

მათ ძალიან კარგად იციან, რომ გასაღები მათ ხელშია. უბრალოდ, ურჩევნიათ, ნიკა მელია ციხეში იჯდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია, ქვეყანაში კრიზისი იყოს.

„მათი მიზანია, ნიკა მელია იჯდეს ციხეში. ამას შეგნებულად აკეთებენ, თორემ, გადავიხდიდით და გამოვიდოდაო. როცა ამას ვახსენებთ, მერე იწყებენ თავის მართლებას, თითქოს კანონი ასეთი განმარტების საშუალებას არ იძლევა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ გასაღები მათ ხელშია. უბრალოდ, მათ ურჩევნიათ, ნიკა მელია იჯდეს ციხეში, რათა მუდმივად აჯანჯღარონ ეს ქვეყანა და მუდმივი კრიზისი შექმნან, რომლის დასრულება ერთ წუთშია შესაძლებელი“, - განაცხადა სუბარმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს, თუმცა გირაოს გადახდას მაინც არ აპირებს. ნიკა მელიას გადაწყვეტილება პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ არ დაუშვებენ, აღიარონ ბრალდება, რომელიც 20 ივნისის მოვლენებს ეხება.

ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა 29 მარტს ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის, ბესიკ ბოგველის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, ბოგველმა მიმართა პროკურატურას და მზადყოფნა გამოთქვა, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაო გადაიხადოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.