გივი მიქანაძე: ყველაფერი ხელოვნურადაა ინსცენირებული, რათა აჩვენონ საერთაშორისო პარტნიორებს, თითქოს, ოპოზიციის ლიდერია დაკავებული

გივი მიქანაძე: ყველაფერი ხელოვნურადაა ინსცენირებული, რათა აჩვენონ საერთაშორისო პარტნიორებს, თითქოს, ოპოზიციის ლიდერია დაკავებული

ყველაფერი ხელოვნურადაა ინსცენირებული, რათა დაძაბულობა გამოიწვიონ და აჩვენონ საერთაშორისო პარტნიორებს, თითქოს, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია დაკავებული, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გივი მიქანაძემ ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ყოფილ სახელისუფლებო გუნდს ხელოვნურად შექმნილ კრიზისში ადანაშაულებს.

„ეს არის ხელოვნურად შექმნილი სცენარი და ნაწილი იმ დიდი სცენარისა, რომელზეც ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვსაუბრობდით. ხელოვნურადაა ინსცენირებული იმისათვის, რომ დაძაბულობა გამოიწვიოს და აჩვენოს საერთაშორისო პარტნიორებს, თითქოს, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია დაკავებული“, - განაცხადა მიქანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს, თუმცა გირაოს გადახდას მაინც არ აპირებს. ნიკა მელიას გადაწყვეტილება პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ არ დაუშვებენ, აღიარონ ბრალდება, რომელიც 20 ივნისის მოვლენებს ეხება.

ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა 29 მარტს ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის, ბესიკ ბოგველის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, ბოგველმა მიმართა პროკურატურას და მზადყოფნა გამოთქვა, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაო გადაიხადოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.