მოლაპარაკებების პროცესში ორი ძირითადი საკითხია გადასაწყვეტი - ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, - პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები თითოეული მოქალაქისთვის აუცილებელია.
„ორი მნიშვნელოვანი საკითხია - პოლიტპატიმრების: ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის დასრულება და ვადამდელი არჩევნები, რომელიც მიგვიყვანს მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ცვლილებებამდე, რომელიც აუცილებელია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის“, - განაცხადა მინაშვილმა.
დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში ხვდება.
დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12-19 მარტს გაიმართა. 22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციას გააგრძელებს.