ირაკლი ღარიბაშვილი: ნაკლები ბარიერი და ნაკლები ბიუროკრატია, ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა 

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაკლები ბარიერი და ნაკლები ბიუროკრატია, ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა 

100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზენსს - ამ სახელწოდების პროექტი, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ 2018 წლიდან მოქმედებს, გაფართოვდა. სიახლის შესახებ დღეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა მიაწოდა. პროექტის საერთო ღირებულება 400 მილიონი ლარია.

პრემიერ-მინისტრმა პრეზენტაციაზე ბიზნესის წარომადგენლებს მოქალაქეების დასაქმებისა და ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვოს მადლობა გადაუხადა.

მანვე აღნიშნა, რომ მიზანია რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი და ნაკლები ბიუროკრატია უნდა ჰქონდეს ბიზნესს.

"კარგად გვესმის, რომ საკმაოდ რთულ ვითარებაში მოგვიწია ყოფნა. კოვიდპანდემიის გამო, განსაკუთრებით, დაზარალდით თქვენ, მოსახლეობა, ჩვენი ხალხი, მთლიანად ბიზნესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ძირითადი დამსაქმებელი ხართ და რეალური დოვლათის შემქმნელი. მინდა, კიდევ ერთხელ, მთავრობის სახელით გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ, რასაც ეკონომიკური განვითარებისთვის, ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისა და რეალური განვითარების ფუნდამენტის შექმნისთვის აკეთებთ.

ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური შეხვედრა თქვენთან. ხვალ გვექნება შესაძლებლობა უფრო ვიწრო ფორმატში ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ბიზნესს დაუგროვდა. ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც თქვენს წინაშე არსებობს.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ კარგად გვესმის, ვიმყოფებით საკმაოდ რთულ ვითარებაში, ვინაიდან კოვიდპანდემია არის სერიოზული გამოწვევა არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. გვაქვს კონკრეტული ხედვა თუ როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, რეალურად ამუშავდეს ეკონომიკა და ბიზნესი. მეორე ის, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა და კოორდინაცია.

ჩვენ გვინდა, რომ მაისის ბოლოს წარვადგინოთ ჩვენი ხედვა და კონკრეტული 10- წლიანი განვითარების გეგმა, თითოეული სექტორის მიმართულებით. ამ პროცესში თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ გარეშე ამ გეგმას ვერ განვახორციელებთ. ჩვენ გვესმის, რომ რა პრობლემებიც ქვეყანაშია დაგროვილი, მხოლოდ მთავრობა ვერ გადაწყვეტს და ვერ დავძლევთ. კარგად გვესმის, რომ ჩვენ გვჭირდება პროგნოზირებადი გარემო, სტაბილური გარემო. ამაში ვგულისხმობ პოლიტიკურ, მაკროეკონომიკურ და ა.შ სტაბილურობას. ჩემი მთავარი პოლიტიკა იქნება შემდეგი - მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლოთ თქვენთან, ბიზნესთან.

ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა. ჩემი ხედვა არის, რომ, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს, ნაკლები ბიუროკრატია, სწრაფი გადაწყვეტილებები და ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა. სახელმწიფო, ბიზნესი, მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ. დღეს არის გაერთიანების დრო, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიყვანოთ,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.