ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დენიელსონის შეთავაზებამ შესაძლოა ოპოზიციური პარტიების ერთობა დააღვიოს. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა. მისი ვარაუდით, შესაძლოა ისე მოხდე, რომ შეთანხმებას ოპოზიციის მხოლოდ ნაწილმა მოაწეროს ხელი.
ძაბირაძის თქმით, შეთანხმებაში სავარაუდოდ საუბარი იქნება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გარეშე ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე.
„ვფიქრობ, რომ ყველაზე რეალური შეთანხმება იქნება ის, რომ პატიმრები გათავისუფლდებიან და პარლამენტში შევა ოპოზიცია, აღარ ვსაუბრობ საარჩევნო კოდექსზე და სამართლებრივ საკითხებზე.
„ქართულ ოცნებას" აქვს არგუმენტი, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს არჩევნების შედეგებს და არა მგონია იყოს საუბარი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე", - განაცხადა ძაბირაძემ.
საკითხზე, რამდენად შესაძლებელია, რომ ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწეროს, ძაბირაძე ამბობს, რომ მათ ეს დიდი ხნის წინ უნდა ექნათ.
„რამდენად წავა „ნაციონალური მოძრაობა" ან „ევროპული საქართველო" შეთანხმებაზე, რთული სათქმელია, მაგრამ შეიძლება ოპოზიციის ნაწილი წავიდეს. ვფიქრობ ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ, განსაკუთრებით იმ პარტიებს, რომლებსაც არჩევნებზე ხმების მაღალი რაოდენობა არ მიუღიათ. რეალურად ეს პატარა პარტიები უნდა მიხვდნენ, რომ ცალ-ცალკე მათ შანსი არ აქვთ და დღეს ისინი „ნაციონალური მოძრაობის" ჩრდილქვეშ დგანან.
„თუ, მაგალითად, „ნაცმოძრაობა" და „ევროპული საქართველო" უარს იტყვიან შეთანხმებაზე, მაგრამ სხვა პარტიებს ხელს მოაწერენ შეთანხმებას და ეყოფათ ჯამურად შედეგები, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისთვის, მაშინ მათ ეს ნაბიჯი უნდა გადადგან ყოველგვარი ყოყმანის გარეშე.
„ამ შემთხვევაში ვინც შეთანხმებაზე არ წავა, მათ ძალიან მძიმე პოლიტიკური მომავალი ექნება. გულწრფელად რომ ვთქვათ, შეიძლება არჩევნები გაყალბდა, მაგრამ არა ისე კატასტროფულად, რომ „ქართულმა ოცნებამ" არსებულზე დიდი ხმები მიიღო. არ მგონია რომ განსხვავება დიდი ყოფილიყო, რეალურთან ახლოს არის არჩევნების შედეგები.
„პატარა პარტიებს კი დიდი მხარდაჭერა არ აქვთ ქვეყნის შიგნით, ისინი უნდა გაერთიანდნენ და ისე იბრძოლონ. ამ ნაბიჯით დასავლეთის მხარდაჭერაც ექნებათ", - განუცხადა ძაბირაძემ „რეზონანსს".