ამირან გამყრელიძე: ჩინური ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში

ამირან გამყრელიძე: ჩინური ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში

„სინოფარმის“ ვაქცინა რიგშია და დიდი ალბათობით, მალე მიიღებს ჯანმო-ს ავტორიზაციას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს კანონმდებლობაში არის მუხლი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შემოაქვს აღიარებითი რეჟიმი და ეს რეჟიმი ვრცელდება მკაცრ მარეგულირებლებზე, რომელშიც შედის ევროკავშირის ქვეყნებისა და მათ შორის, უნგრეთის მარეგულირებლები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანა შესაძლებელია. დიდი იმედი მაქვს, რომ მას მალე ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება. ჩინური ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში. „სინოფარმით“ აცრილია დაახლოებით, 70 მილიონი ადამიანი, მათ შორის, ჩინეთში, სერბეთში, უნგრეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, სხვადასხვა კვლევით, საკმაოდ კარგი შედეგებით ხასიათდება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კვირის ბოლოს, შესაძლებელია, საქართველოში ჩინური ვაქცინა ჩამოვიდეს.