ნიკა მელიას თავის საკნის კარის გასაღები პრაქტიკულად ჯიბეში აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელოვნურად ცდილობდა ტემპერატურის აწევას და „სიტუაციის არევას“, რადგან ეს მიხეილ სააკაშვილისგან აქვს დავალებული.
ღუდუშაურმა მელიას ადვოკატის განცხადებას სპეკულაცია უწოდა. "არ ვიცი ახლა, უცხოპლანეტელები რომ მოვიდნენ და გადაუხადონ გირაო, ამ შემთხვევაში როგორ დადგება საკითხი, დაუსრულებლად შეიძლება ამგვარი სპეკულაციები. არ ვიცი ბესიკ ბოგველი ვინ არის და ვის რას უხდიან. მარტივად არის საქმე ბატონ მელიასთან დაკავშირებით, მას პრაქტიკულად აქვს თავის საკნის კარის გასაღები ჯიბეში. გადაიხდის გირაოს - დატოვებს საპატიმროს. აქ არის მარტივი გამოსავალი. სხვა ყველანაირი სპეკულაცია, რომ უცხოპლანეტელები, X და Y პიროვნებები უხდიან, არის არასერიოზული", - აღნიშნა ღუდუშაურმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა 19 მარტს ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის, ბესიკ ბოგველის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, ბოგველმა მიმართა პროკურატურას და მზადყოფნა გამოთქვა, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაო გადაიხადოს.