ირაკლი კობახიძე: ერთადერთი წითელი ხაზი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს სამართლიანობის პრინციპია

ირაკლი კობახიძე: ერთადერთი წითელი ხაზი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს სამართლიანობის პრინციპია

ოპოზიციას ჭარბად ხისტი ამბიციები ჰქონდა და წინაზე მოლაპარაკებები ამან ჩაშალა, ახლა თუ განსხვავებული მიდგომა იქნება, შეთანხმება შესაძლებელი გახდება - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან საქართველოში, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი წითელი ხაზი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს - სამართლიანობის პრინციპია.

„შემიძლია გითხრათ, რომ ყველა თემაზე კონსტრუქციული მიდგომა გვაქვს. ერთადერთი წითელი ხაზი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს - სამართლიანობის პრინციპია. ყველაფერი რაც იქნება, სამართლიანობასთან შესაბამისობაში ეს ჩვენს მიერ განხილული იქნება.

თავის დროზე ოპოზიციას ძალიან ხისტი პოზიცია ჰქონდა. არ ვიცი, რისი იმედი ჰქონდათ. ჭარბად ხისტი პოზიციები და ამბიციები ჰქონდათ და ამან ჩაშალა წინაზე მოლაპარაკებები. ახლა თუ იქნება განსხვავებული მიდგომა, ამ შემთხვევაში შეთანხმება შესაძლებელი გახდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დღეს უკვე მეორედ შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა. დანიელსონი 28 მარტს უკვე შეხვდა საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.