თამარ გაბუნია: Pfizer-ით ვაქცინაციაზე აქტივობა მაღალია, მოთხოვნა იმატებს AstraZeneca-ზეც

თამარ გაბუნია: Pfizer-ით ვაქცინაციაზე აქტივობა მაღალია, მოთხოვნა იმატებს AstraZeneca-ზეც

თამარ გაბუნიას თქმით, მას შემდეგ რაც ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 65 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის გაიხსნა, აქტივობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ დღევანდელი მონაცემებით, AstraZeneca-ს ვაქცინით ხუთი ათასზე მეტი ადამიანია აცრილი.

„დღეის მდგომარეობით, AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილია ხუთი ათასზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება Pfizer-ს, რეგისტრაციისას აქტიურობა იყო ძალიან მაღალი და 14 აპრილის ჩათვლით ყველა ადგილი შეივსო, რაც ჯამში შეადგენს ათი ათასზე მეტ დოზას. Pfizer-ის ვაქცინის გარკვეული დოზები ბუნებრივია, კიდევ არსებობს, რადგან ჩვენ თავიდანვე გვქონდა 14 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანის მოცვა დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, 14 აპრილის შემდეგ Pfizer-ზე რეგისტრაცია ისევ გაგრძელდება იმ დოზების შესაბამისად, რაც ქვეყანაში არის“, - განმარტა გაბუნიამ.

მისივე თქმით, თბილისში AstraZeneca-ს ვაქცინაზე ამ მომენტისთვის ადგილები შევსებულია, თუმცა ხვალიდან ვაქცინაციაში ახალი კლინიკები ჩაერთვება, სადაც აცრა საქართველოში შემოსული ორივე პრეპარატით გაკეთდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაციას მეტი საკომუნიკაციო მხარდაჭერა სჭირდება.

„კარგია ის ფაქტი, რომ Pfizer-ის ვაქცინაზე ბევრია რეგისტრაცია, ასევე მოთხოვნა იმატებს AstraZeneca-ზეც. გარდა იმისა, რომ ცოდნაა მნიშვნელოვანი, ასევე აუცილებელია მაგალითის მიცემა, ამიტომ ვაქცინების პოპულარიზაციისთვის და დადებითი ქცევის ხელშეწყობისთვის. ინიციატივა გვაქვს, რომ 100 ცნობილი ადამიანი საჯარო სივრცეში აიცრას, რათა მათ მოსახლეობას მაგალითი მისცენ და ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდონ. პარალელურად, ჩვენ მეტად აქტიურად მოვუწოდებთ ცნობად სახეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ და საკომუნიკაციო კამპანიის აქტიური წარმოების მხარდაჭერისკენ“, - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან, AstraZeneca-თი დაიწყო. 24 მარტს კი ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.