ერთ მხარეს არის მსჯავრდებული სააკაშვილი, რომელიც ამხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სისტემური დანაშაულის ორგანიზებაში, ხოლო მეორე მხარეს არის ადამიანი, რომელიც გავიდა პოლიტიკიდან და რომლის სახელიც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენასა და ჩვენი საზოგადოებისთვის თავისუფლების მინიჭებას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია, დიალოგში მისი მონაწილეობა დიპლომატების შეურაცხყოფაა.
„საკითხის წამოწევა, რომ სააკაშვილი უნდა ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში, მისი პარტიის წარმომადგენლების თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაკეთებული ეს განცხადებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ პარტიის რეალური თავმჯდომარე არის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და არა - ნიკანორ მელია. ამით სააკაშვილისა და მელიას თანაპარტიელები ადასტურებენ იმას, რომ პარტიის თავმჯდომარე ფორმალურად იყო მელია და მისი არჩევა იყო ფარსი, ხოლო რეალურად - სააკაშვილი. შესაბამისად, საკითხის ასე წამოწევა, რომ თითქოს, სააკაშვილი ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში, ვფიქრობ, შეურაცხყოფა პირველ რიგში იმ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების, დიპლომატების, რომლებიც მოლაპარაკებათა მაგიდასთან სხედან, რადგან ერთი მხრივ სააკაშვილი მსჯავრდებულია საქართველოში, ქართული კანონმდებლობის მიერ და მეორე მხრივ, იგი ამხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სისტემური დანაშაულის ორგანიზებაში. ამიტომ, ასეთი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანის მოლაპარაკებათა მაგიდასთან შემოყვანის მცდელობა პირდაპირი შეურაცხყოფაა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისა და დიპლომატების. მეორე მხრივ, ეს ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ვისურვებდი, რომ ასეთი საზიანო განცხადებების გაჟღერებისგან თავი შეიკავონ. კიდევ ვიმეორებ, ერთ მხარეს არის მსჯავრდებული სააკაშვილი, რომელიც ამხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სისტემური დანაშაულის ორგანიზებაში და მეორე მხარეს არის ადამიანი, რომელიც გავიდა პოლიტიკიდან და რომლის სახელიც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენასა და ჩვენი საზოგადოებისთვის თავისუფლების მინიჭებას. ასე რომ, ამ ორი ადამიანის გათანაბრება წარმოუდგენელია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ეფექტური იქნება, თუ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი მიიღებენ.