ჯანდაცვის მინისტრი გვყავდა მოწვეული უმრავლესობის სხდომაზე, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა, როგორც ეპიდრისკების, ასევე ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებ, - ამის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ყველანი ერთად შესაბამისად არ მოვიქცევით, ზუსტად 2-3 კვირაში შესაძლოა ძალიან გაგვირთულდეს ეპიდსიტუაცია.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მოქალაქეს ვთხოვო, ძალიან არის დაკლებული პირბადის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი, რაც ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის და ჩვენ არ გვაქვს საქმე ისე, რომ დავმშვიდდეთ. ხალხმა და ხელისუფლებამ ერთად მოახერხა დასტაბილურება ეპიდსიტუაციის. დაახლოებით, 500 ფარგლებში მერყეობს ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი და ეს 10-ჯერ ნაკლებია პიკური სიტუაციის დროს არსებული მონაცემებისა, მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი. თუ ჩვენ, ყველა ერთად შესაბამისად არ მოვიქცევით, ზუსტად 2-3 კვირაში შესაძლოა ძალიან გაგვირთულდეს ეპიდსიტუაცია. ამიტომ, ყველამ ვატაროთ პირბადე, რაც არის ყველაზე კარგი გზა იმისა, რომ რისკები მაქსიმალურად დავაზღვიოთ და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ვიდრე ვაქცინაციის პროცესში ყველა არ ჩაერთვება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.