საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებზე პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილს ვესაუბრეთ.
საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი არგუმენტები აქვს, მათ შორის, ერთ–ერთი კონფლიქტურ ზონებში დევნილების დაბრუნებაა. ასეთ შემთხვევაში, შეუძლებელია, საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის დაკვეთის შემსრულებელი იყოს...
-თქვენ გჯერათ, თუნდაც ერთი წუთით, რომ დევნილები უახლოეს ხანში ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნდებიან? მიხეილ სააკაშვილმა ძალიან ცუდი საქმე გააკეთა, მან იურიდიულად დააფიქსირა, რომ ისინი იქ ვერ დაბრუნდებიან. სამაჩაბლოში, დიდი ლიახვის ხეობაში, სადაც ცხრა ქართული სოფელი იყო, იმ ადგილას, ახლა, სამხედრო აეროდრომი შენდება. სოფლები ფიზიკურად აღარ არსებობენ და რომელ დაბრუნებაზე შეიძლება საუბარი. ეს საშინელი სიმართლეა, რომლის გაგონებაც არავის უნდა.
საქართველო აშშ–ს პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს, რომლის ინტერესშიც ამჟამად რუსეთის მსო–ში შეყვანა წარმოადგენს. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ამერიკის მხრიდან სხვა შეთავაზების სანაცვლოდ, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დათმობაზე წასვლა მაინც მოუწევს?
-რასაკვირველია, საქართველო იმას გააკეთებს, რასაც ამერიკა უბრძანებს, მაგრამ ამით რა გამოვა, როცა მთელი ეკონომიკა რუსეთის ხელშია? კარგად მახსოვს, 4 წლის წინათ, მიხეილ სააკაშვილმა ლონდონში განაცხადა, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და რასაც გვიბრძანებენ, იმას ვაკეთებთო. არ არის გამორიცხული, ბოლო მომენტში მან ამ საკითხს ვეტო აღარ დაადოს. ბოლოს და ბოლოს, თავად საქართველო იქნება ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთს შეეწინააღმდეგება, თავად საქართველოს გარიცხვაც შეიძლება, მაგრამ საქმე აქამდე არ მივა. ამ ორგანიზაციის წევრობა ძალიან კარგი რამ არის. ამასთან, აშშ–ს ციმბირში არსებული აურაცხელი სიმდიდრის ათვისება სურს, რასაც რუსები კრუხივით დაჰკანკალებენ და უამრავ ბარიერს ქმნიან. მსო–ში შეყვანით, აშშ–ს რუსეთის მხრიდან ეს წინააღმდეგობა ეხსნება.
რუსეთის ბაზრის არამდგრადობასა და შიდა პრობლემებზე დიდი ხანია საუბრობენ და საინტერესოა, განა, რა მოგება უნდა ნახოს მსოფლიომ ისეთი, რომ საქართველოს, საკუთარი პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, ასეთი დათმობა უღირდეს?
-რუსეთი რომ მძიმე დღეშია, ეს შესანიშნავად ვიცი, მაგრამ რატომ უნდა ავურიოთ ერთმანეთში ორი სხვადასხვა საკითხი? სულ არ მაინტერესებს რუსეთის შიდა დაპირისპირება და სხვა სახის პრობლემები. კისერი უტეხიათ, მაგრამ მე ჩემი ქვეყნის გადარჩენა მინდა და ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა მიხეილ სააკაშვილი თვითმფრინავში ჩაჯდება და გადაკარგულში წავა. რუსეთს რომ მსო–ში ძალით მიათრევენ და საქართველოს პრეზიდენტი მას ეხმარება, ეს არის სამარცხვინო ფაქტი.
ბოლო ხანებში, რადიკალურად შეიცვალა ბელორუსის დამოკიდებულება როგორც რუსეთთან, ასევე საქართველოსთან მიმართებაში. ბელორუსის პრეზიდენტი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მხარდაჭერას ჰპირდება და ეს რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ჩვენთვის?
-შედით ნებისმიერ ევროპულ საიტზე და ნახავთ, რომ ბელორუსს ევროპაში უკანასკნელ კომუნისტურ, ხანდახან ფაშისტურ რეჟიმს უწოდებენ. საქართველოს ლუკაშენკოსთან ურთიერთობა სირცხვილია. გივი თარგამაძე არ იყო, ბელორუსში რომ დადიოდა და რევოლუციას აწყობდა, დაგვავიწყდა? ბელორუსი იყო და არის უკანასკნელი კომუნისტური რესპუბლიკა, რომელსაც დღემდე არაფერი შეუცვლია. როგორ შეიძლება საქართველოს ურთიერთობა, ან რამენაირად ამ ქვეყანასთან ასოცირება, როცა ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც დასავლეთის ღირებულებებსა და დემოკრატიაზე გავაკეთეთ ორიენტაცია და დღეს ბელორუსს უნდა დავუჭიროთ მხარი? რაც უნდა, ის იძახონ ბელორუსში, მე არ მინდა, ისინი ჩემი ქვეყნის გვერდით იდგნენ.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები დეკლარირებულად ისევეა, როგორც იყო, მაგრამ საინტერესოა, რეალურად რა მდგომარეობაა ახლა, როცა ჩვენს ნატოში გაწევრიანებაზე აქტიურად აღარ საუბრობენ?
-საგარეო პრიორიტეტები თვითონ საქართველოს პრეზიდენტმა არ იცის. ხან თურქეთისკენ იხრება, ხან ამბობს, ირანის პრეზიდენტს დავპატიჟებ და ამ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი მექნებაო. მას ხელი აქვს ჩაქნეული ამერიკასა და ევროპაზე, რადგან იცის, თვითონ რომ აღარავის სჭირდება. ყველაფერი დასრულდება იმით, რომ მიხეილ სააკაშვილს თავისივე ხალხი: ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა გააგდებენ და იგივე რეჟიმი დარჩება მხოლოდ მის გარეშე.
რას ნიშნავს გააგდებენ, როცა ყველა დონეზე დამკვიდრდა აზრი, რომ 2013 წელს, ახალ კონსტიტუციასთან ერთად, პრემიერ–მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილი უნდა ვიხილოთ?
-ახალი კონსტიტუცია არის ძლიერი პრემიერ–მინისტრის ინსტიტუტი, რომელიც იქნება ან მერაბიშვილი, ან უგულავა. თუ მიხეილ სააკაშვილს არ გააგდებენ, მაშინ ეტყვიან, რომ დაუსრულებლად იფრინოს თავისი თვითმფრინავით და საქართველოში არ დაჯდეს. ისედაც თვეობით არ არის საქართველოში. ვის გაუგია, პრეზიდენტი რომ თვიდან თვემდე საკუთარ ქვეყანაში არ იყოს.
თქვენ ამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი გუნდი ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ვადაზე ადრე უპირებს?
-კი არ ვამბობ, ამას ვამტკიცებ. მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გუნდს სასტიკად მობეზრეული ჰყავს, მაგრამ, ჯერჯერობით, მეთოდი ვერ გამოუძებნია. ახლა, ამერიკაში ყოფნისას, მან პირველად აღიარა, 2013 წლიდან არქიტექტორი გავხდებიო. როგორც ჩანს, უთხრეს, ოღონდ საქართველოში ნუ გამოჩნდები და 2013 წლამდე პრეზიდენტის სახელი გექნებაო, თორემ საქართველოს რეალური მმართველი ხომ დიდი ხანია მიხეილ სააკაშვილი არ არის. მგონია, რომ ვისაც თავში ტვინი აქვს, ეს ყველამ იცის. ქვეყანას, ფაქტობრივად, მერაბიშვილ–ადეიშვილ–უგულავა–ბოკერიას გუნდი მართავს. მიხეილ სააკაშვილს თვითონ 2013 წლამდე დარჩენა უნდა, მაგრამ არა მგონია, მაგდენ ხანს დატოვონ.
ანუ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას უნდა ველოდოთ?
-რიგგარეშე არჩევნები იქნება, რადგან ხელისუფლებას არ მოეწონა, 8 პოლიტიკურმა პარტიამ ახალი საარჩევნო გარემოს შექმნის საკითხი რომ წამოაყენა. მზადება სწორედ ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის და სულ მალე ნახავთ, რაც მოხდება. ამ თვეში ახალი კონსტიტუციაც ძალაში შედის და ალბათ, პროცესების ტემპიც აჩქარდება.
ახალი კონსტიტუცია ძალაში 2013 წლიდან შედის...
-ახალი კონსტიტუცია პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო. არსად წერია, რომ ის 2013 წელს შედის ძალაში. რამდენჯერ იკითხეს უკვე, ბოლოს "ქრისტიან–დემოკრატებმა" დასვეს საკითხი, გვითხარით თარიღი, კონსტიტუცია ძალაში როდის შედისო და პავლე კუბლაშვილმა ვერ უპასუხა. ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუცია მიღებისთანავე ამოქმედდება. მიხეილ სააკაშვილი უკვე ჩამოწერილია, ის ხელისუფლების მმართველი გუნდისთვისაც დიდი სირცხვილია და რასაც ვამბობ, აბსოლუტურად, დარწმუნებული ვარ. კონსტიტუციის ამოქმედება 2013 წლისთვის თუ უნდოდათ, მაშინ რა საჭირო იყო აგვისტოში ერთთვიანი განხილვა? იცით, რომ სტალინის დროს 1937 წელს მასიური რეპრესიები და დაპატიმრებები როცა მიმდინარეობდა, საბჭოთა კონსტიტუციის განხილვა 6 თვე მიმდინარეობდა. მაშინაც კი, კომუნისტებმა იცოდნენ, რომ ძირითადი კანონის შესახებ მინიმუმ ნახევარი წელი უნდა ემსჯელათ. ამათ ერთ თვეში იმიტომ დაწერეს, რომ ახლავე შევიდეს ძალაში. პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი გახდება, რომელიც პანღურით გააგდებს სააკაშვილს, ბუნჩულა დათო ბაქრაძეს პრეზიდენტად დასვამენ, რომელიც ყველა დავალებას შეასრულებს. ამ მომენტისთვის სამი ადამიანი კატეგორიულად იბრძვის პრემიერობისთვის: ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია. ეს კონსტიტუცია მიხეილ სააკაშვილისთვის დაიწერა, მაგრამ ისეთი უჭკუო აღმოჩნდა, რომ ვერც მიხვდა, ასეთი "პერეხვატი" როგორ გაუკეთეს. ამ სამში ყველაზე დიდი ძალა რეალურად მერაბიშვილს აქვს და ვნახოთ, რა იქნება.