აშშ-ის სენატში გამართულ შეხვედრებზე სამ ყველაზე აქტუალურ საკითხს გაეცა მკაფიო პასუხი, - ამის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ყველაზე აქტუალური საკითხებიდან, პირველი იყო „ნაცმოძრაობის“ ცრუ ნარატივი, რომელიც „პოლიტპატიმარ“ ნიკა მელიას ეხებოდა. ჩვენი პარტნიორების პასუხი ამაზე იყო, რომ მან კანონი დაარღვია. მეორე ცრუ ნარატივი იყო „გაყალბებული არჩევნები“. ეუთო/ოდირისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების შემდეგ, სენატშიც გაისმა ეუთო/ოდირის ანგარიშის ციტირება და საქართველოში, 2020 წელს ჩატარებული არჩევნები მოიხსენიეს თავისუფლად და კონკურენტულად. მესამე იყო წლების განმავლობაში, „ნაცმოძრაობისა“ და მათი მედიასაშუალებების მიერ, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ნალაგები ცრუ ნარატივი პროდასავლურობასთან დაკავშირებით, თითქოს ვიღაცას ეჭვი უნდა შეეპაროს „ქართული ოცნების “ პროდასავლურობაში. მკაფიო განცხადება გაკეთდა, რომ 2012 წლიდან, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დღიდან, არ ყოფილა არცერთი დღე, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ამ კურსს გადაუხვია“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.