შეიძლება თუ არა კოვიდგადატანილი ადამიანების ვაქცინაცია და გამოჯანმრთელებიდან რამდენი ხნის შემდეგ უნდა აიცრას ასეთი ადამიანი, - ამ საკითხებზე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.
„კოვიდგადატანილისთვის ვაქცინაცია არ შეიძლება კოვიდის მწვავე პერიოდში. ამ პერიოდის გავლის შემდეგ ვაქცინაცია შეიძლება, მაგრამ თუ როდის სჯობს ამის გაკეთება, ამას ყველა ქვეყანა ინდივიდუალურად. საქართველომ მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია მოხდეს კოვიდის დიაგნოზის დადასტურებიდან 120 დღის, ანუ 4 თვის შემდეგ. ჩემი აზრით, ეს ოპტიმალური პერიოდია, იმიტომ რომ 4 თვის განმავლობაში კოვიდგადატანილ ადამიანს იცავს ის იმუნიტეტი, რომელიც დატოვა კოვიდმა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მან ასევე ისაუბრა ბავშვების ვაქცინაციის მიზანშეწონილობაზე და განაცხადა, რომ ამ დროისთვის მსოფლიოში ბავშვების აცრა არ არის რეკომენდებული.
„ვაქცინაციისთვის მაქსიმალური ასაკი არ არსებობს, მინიმალური კი არსებობს. არც საქართველოში და არც მსოფლიოში ბავშვები არ იცრებიან, იმიტომ რომ ჯერ არ არის დასრულებული საფუძვლიანი კვლევები, რომლებიც დაადასტურებდა ვაქცინის უსაფრთხოებას ბავშვებისთვის“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან, AstraZeneca-თი დაიწყო. 24 მარტს კი ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.