ხათუნა ზახაშვილი: უსიმპტომო კოვიდის დროს ვაქცინაცია უკუჩვენებას არ წარმოადგენს

ხათუნა ზახაშვილი: უსიმპტომო კოვიდის დროს ვაქცინაცია უკუჩვენებას არ წარმოადგენს

კოვიდის ვაქცინა არ წარმოადგენს უკუჩვენებას იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის კოვიდინფიცირებული და ინკუბაციურ პერიოდში იმყოფება, ანუ, კლინიკური ნიშნები არ აქვს გამოხატული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განახცადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის უსიმპტომოდ მიმდინარეობისას ვაქცინაცია შესაძლებელია და ასეთ ადამიანებს კარგი იმუნიტეტი ჩამოუყალიბდებათ. ზახაშვილის განცხადებით, ვაქცინა ვერ დაამძიმებს კოვიდის მიმდინარეობას, თუნდაც მისი კლინიკური ნიშნები გაჩნდეს მოგვიანებით.

„კლინიკური ნიშნის გამოხატვისას სამედიცინო პერსონალს შეუძლია კითხვარის საშუალებით ის გამოავლინოს. მერწმუნეთ, თუ ადამიანი კოვიდინფიცირებულია და მას აქვს დაწყებული რაიმე კლინიკური ნიშანი, ჩვენი სამედიცინო პერსონალი შეძლებს მის იდენტიფიცირებას. მეორე ვარიანტია, რომ შეიძლება იყოს უსიმპტომო კოვიდი, რაც რეალურად, მართლაც იშვიათი მოვლენაა. ნუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ხშირი მოვლენაა. უსიმპტომო კოვიდის დროს აცრა არ წარმოადგენს უკუჩვენებას, შესაძლებელია აცრა და ასეთ ადამიანებს ჩამოუყალიბდებათ კარგი, ნორმალური იმუნიტეტი, ხოლო კოვიდის ვაქცინა ვერ დაამძიმებს თვითონ კორონავირუსის მიმდინარეობას, თუნდაც მისი კლინიკური ნიშნები გაჩნდეს მოგვიანებით, რადგან არც ერთი ვაქცინა, რომელიც გამოიყენება მთელ მსოფლიოში, არ შეიცავს კორონავირუსის ცოცხალ ეგზემპლარებს, შესაბამისად, მათ უბრალოდ არ შეუძლიათ, გამოიწვიონ კოვიდის კლინიკური ნიშნები ან კოვიდით დაავადება“, - განაცხადა ზახაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან, AstraZeneca-თი დაიწყო. 24 მარტს კი ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.