(იბეჭდება შემოკლებით)
ბატონო გიორგი, „მწვანეთა მოძრაობა“ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ნაწილი იყო. თუმცა, როცა „მწვანეთა“ გარკვეული ნაწილი შევარდნაძის მიერ შექმნილი მოქალაქეთა კავშირის წევრი გახდა, ხშირად იხსენებდნენ კოლის ფრთიან ფრაზას - „მწვანეები“ კარგები არიან, მაგრამ ერთი მინუსი აქვთ - ყოველთვის წითლდებიანო...
- ჩვენ პრაქტიკულად ყველას იმით ვაღიზიანებდით, რომ აშკარად არატრადიციული ძალა ვიყავით. ჩვენი სახელიც კი - „მწვანეები“, ძალიან არაქართულად ჟღერდა. ევროპაში ისინი მემარცხენეები არიან. კოლი ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენდა, ერთმანეთთან დაპირისპირებულნი იყვნენ. ახლა მე რომ გავიხსენო, რას ამბობდნენ „მწვანეები“ ქრისტიან-დემოკრატებზე, ყველაფერი გასაგები გახდება.
ჩვენი მოძრაობა ეროვნული მოძრაობის ნაწილია. იგი დასავლეთის „მწვანეების“ იდეოლოგიას კი არა, ქართულ იდეოლოგიას ემყარება. ჩვენ ვაჟას იდეოლოგიაზე აღმოცენებული პარტია ვართ. ვთვლით, რომ ადამიანმა ბუნებასთან ჰარმონიაში უნდა იცხოვროს. ისე ღორულად არ უნდა მოიქცეს, რომ მომავალ თაობებს განადგურებული ქვეყანა დაუტოვოს.
ისე, როცა უნდათ, საქმეში გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს საკუთარი პოზიცია თავს მოახვიონ, ამ გაწითლების მომენტს ხშირად იყენებენ. იგივე ვარიანტია, დაგვაბრალებენ, რომ გავწითლდით, კომუნისტების დაბრუნების მომხრეები ვართ. მერე მიდი და ამტკიცე.
დღეს ბევრს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში კომუნისტები დაბრუნდნენ და ამაში თქვენც მიგიძღვით წვლილი...
-ჩვენ ამაზე არასდროს გვიფიქრია, ყოველთვის წინააღმდეგნი ვიყავით. ჩვენ მწვანეთა მოძრაობიდან არ გამოვსულვართ, პარტია იმიტომ დავტოვეთ, რომ მას თავისი წესდება აქვს და უნდა შეეძლოს პოზიცია რადიკალურად გამოხატოს.
ბატონო გიორგი, წინა პარლამენტში თქვენი გამოსვლები ლუიზა შაკიაშვილისა და იზა ორჯონიკიძის საკმაოდ მკვახე ეპითეტებით მთავრდებოდა - „კომსომოლას“ გეძახდნენ. რატომ გაუჩნდათ ამ ქალბატონებს თქვენ მიმართ ასეთი ასოციაცია?
-სიმართლეს პირში ვახლი და იმიტომ. არ მეშინოდა არც იმ ჯაბა იოსელიანის და არც ეროვნული მოძრაობის სხვა წარმომადგენლების, ვინც არანაკლებ შეიარაღებული იყო და დაშინების საშუალება ჰქონდა.
ვის გულისხმობთ?
-არ მინდა დავაკონკრეტო.
მაშინ არ გეშინოდათ და ახლა გეშინიათ?
-შიში რა შუაშია, დღეს ამაზე ლაპარაკი საჭირო აღარ არის. დღემდე საამაყოდ მაქვს ის ფაქტი, რომ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კომკავშირული ორგანიზაციის გაუქმების ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ მე ვიყავი. სახლში დღესაც მაქვს კომკავშირის ბილეთები, რომელიც ჩემმა მეგობრებმა ჩამაბარეს. თუმცა, მე არ ვიყავი ის ადამიანი, ვინც ქალბატონ იზასა და ლუიზას მოწონებას იმსახურებდა. ესე იგი, თუკი გარკვეული პოზიციის დაფიქსირებას ახერხებ, კომკავშირელი ხარ? საბედნიეროდ, ყველამ კარგად იცის, ვინ ვინ იყო და რას აკეთებდა.
როგორ მოიქცევა გიორგი ბარამიძე, თუ, ერთ მშვენიერ დღეს, ედუარდ შევარდნაძის კორუფციაში მონაწილეობის ფაქტებს მაგიდაზე დაუდებენ?
-ძალიან სერიოზული კითხვაა. ამაზე მეც ხშირად მიფიქრია.
რა, უკვე ხომ არ მოგიტანეს რამე?
-არა, არა. ჩვენი ვალია, საქმე გაკეთდეს და თუ რაიმე პასუხისმგებლობას იღებ, ბოლომდე კეთილსინდისიერად უნდა ემსახურო. იდეაში, თუ ასეთი რამ მოხდება, ალბათ, ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარეს, უშიშროების საბჭოს და თვით პრეზიდენტს მივაწვდი. ეს, ალბათ, ოპტიმალური ვარიანტია, მაგრამ მინდა, სწორად გაიგოთ. ბაქიობად და თავის გამოჩენის მცდელობად ნუ ჩამითვლით, მაგრამ რადგან კითხვას სვამთ, ნიშნავს, რომ შესაძლებელია ასეთი რამ მოხდეს.
მე თქვენი ქმედება მაინტერესებს...
-ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი რამ არასდროს მოხდება. შევარდნაძეს საიმისო არაფერი სჭირს, რომ კორუფციულ საქმეებში გაეხვიოს. თავისი შრომით მოპოვებული სიმდიდრეც საკმარისი აქვს. მსოფლიო დონის პოლიტიკოსიც ბრძანდება. მოკლედ, საიმისო არაფერი სჭირს, რომ ჭარმაგმა ადამიანმა თავზე ხელი აიღოს და... გაუგებარია, ეს რისთვის უნდა გააკეთოს. მას ხომ ერთადერთი რამ დარჩენია - საკუთარი ხალხის წინაშე ვალი მოიხადოს და ბოლომდე ვალმოხდილი წავიდეს. ასეთი რამ მისი პოლიტიკის საწინააღმდეგო ქმედება იქნებოდა.