მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის მხრიდან პლებისციტის მოთხოვნა პროცესის ლოგიკური გაგრძელება არ არის

მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის მხრიდან პლებისციტის მოთხოვნა პროცესის ლოგიკური გაგრძელება არ არის

ოპოზიციის მხრიდან პლებისციტის მოთხოვნა პროცესის ლოგიკური გაგრძელება არ არის, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს.

„მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდთან დაკავშირებით წინასწარ პროგნოზების გაკეთება გამიჭირდება. მოლაპარაკებას რომ ალტერნატივა არ აქვს, ამას კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვადასტურებთ და მნიშვენელოვანია, რომ ეს პროცესი აუცილებად წარიმართება, მაგრამ კონკრეტულად, მოლაპარაკების ეს ფორმატი როდის იქნება, ამაზე წინასწარი საუბარი ძნელია.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, არ მგონია, რომ პლებისციტის მოთხოვნა პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების ყველაზე სწორი გზა გადის იმ საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც შეიქმნა და მისი მთავარი ამოცანა ყველა კითხვის ნიშნის მოსპობაა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში არჩევნებთან დაკავშირებით. ყველაფერი უნდა გაირკვეს, ყველაფერს ფარდა აეხადოს. თუკი აღმოჩნდება რაიმე სერიოზული ხარვეზი, რომელსაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგზე, თუნდაც ერთპროცენტიანი სხვაობით, ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლების პოზიცია ყველასთვის ცნობილია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე პლებისციტის საკითხზეც იყო საუბარი.