მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას ვთხოვთ მიიღონ პრაგმატული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებში შევძლებთ შეთანხმების მიღწევას

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას ვთხოვთ მიიღონ პრაგმატული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებში შევძლებთ შეთანხმების მიღწევას

არავინ მოსულა მოლაპარაკებების მაგიდასთან, მობრძანდნენ, ვეპატიჟებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა და ეს არის კომპრომისული ნაბიჯები.

„მათ შორისაა საარჩევნო რეფორმა, საგამოძიებო კომისია და ა.შ. ოპიზიციისგან კი ჯერჯერობით არცერთი სიტყვა არ მოგვისმენია, თუ რა კომპრომისზე მოდიან ისინი. ერთადერთი რაც თქვეს, არის პლებისციტი, რაც ლოგიკასთან ახლოსაც კი არ არის - არ შეიძლება, პლებისციტით მოახდინო ამომრჩევლის ნების რევიზია, ეს მათაც იციან. პლებისციტზე კი არა, რიგგარეშე არჩევნებზე მივყვებით, თუ 1%-იან ცდომილებას მაინც ნახავენ არჩევნების შედეგებში. ნებისმიერი რაციონალური, პრაგმატული, კომპრომისული წინადადების შემთხვევაში, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას, მათ ასეთი წინადადება ჯერ არ უთქვამთ. ჩვენ მათ დღესაც ვეპატიჟებით მოლაპარაკებების მაგიდასთან და ვთხოვთ მიიღონ პრაგმატული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებში შევძლებთ შეთანხმების მიღწევას. ეს უკვე უნდა იყოს ახლო მომავალში - რამდენიმე დღეში ველოდებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.