"დაინახე შიშველი!" - ეს ქართულ ტელესივრცეში გამოჩენილი ახალი ტელეარხის "რეალ-ტვ"-ის სლოგანია.
ბუნებრივია, სლოგანის შინაარსი და ტელეარხის სახელწოდება გულისხმობს, რომ ჩვენ შიშველი რეალობა უნდა დავინახოთ, მაგრამ როგორია რეალობა იმ ტელევიზიისთვის, რომელსაც შსს-ს ვითომ გადაყენებული მაღალჩინოსანი, გურამ დონაძე ხელმძღვანელობს?
ძალიან მარტივი - დონაძის ტელევიზიის მიერ დანახულ რეალობაში შიშველი მხოლოდ ოპოზიციაა. ანუ ტელევიზიის ხელმძღვანელთა ჩანაფიქრით, არხის სლოგანი გულისხმობს: დაინახე შიშველი ოპოზიცია!
გახსნის დღიდან ამ ტელევიზიას არ დაუტოვებია არც ერთი მეტ-ნაკლებად გავლენიანი ოპოზიციის ლიდერი, ვინც, მარტივად რომ ვთქვათ, არ "გაეშავებინა". ეს სიუჟეტები ალბათ ნახეთ და მათ დეტალურ განხილვას აღარ შევუდგები. მე თქვენ გეტყვით და ოპოზიციაში გასაშავებელი ხალხისა და თემების მონახვა გაუჭირდებათ თუ რა! რამდენიც გინდა, იმდენია, თუმცა ამდენი მონდომებისგან ზოგჯერ მეტისმეტი გამოსდით.
მაგალითად, ალასანიას გასაშავებელი, ჩანს, ბევრი ვერაფერი უპოვეს, ამიტომ ჯერ იმის გარკვევა დაიწყეს, რამდენად ძვირად ღირებული მობილური და საათი აქვს, შემდეგ ნიუ-იორკში ჩავიდნენ და გადაიღეს, როგორ ცხოვრობს აშშ-ის უდიდეს ქალაქში ალასანიას ცოლ-შვილი. მთავარი კომპრომატი კი ის აღმოჩნდა, რომ თურმე ისინი ნიუ-იორკში ისეთ კორპუსში ცხოვრობენ, რომლის ეზოშიც ციყვები დარბიან(!). გათვლა ასეთია: ობივატელმა უნდა იფიქროს, რომ უბანი და სახლი, სადაც ალასანიას ცოლ-შვილი ცხოვრობს, ძვირად ღირებულია, რადგან ეზოში ციყვებიც კი მოუშენებიათ, არადა ციყვებს მიაქვს ამერიკა. აშშ-ის ქალაქებში ციყვი იმდენია, პირდაპირ თავზე გახტებიან.
მოკლედ, ვისაც ეს არხი ერთხელ გინახავთ, მიხვდებით, რაზეც ვლაპარაკობ. ტელევიზია მასალების მოსამზადებლად უხვად იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსს, რაც სხვა ტელევიზიებისთვის მიუწვდომელია.
მაგალითად, ახლახან მათ აეროპორტში უსაფრთხოების კამერით გადაღებული კადრები აჩვენეს, სადაც ჩანს, "უცნობი" როგორ ტოვებს საქართველოს. ამ კადრებს, ბუნებრივია სხვა ტელევიზია ვერ მოიპოვებს.
არა მარტო კადრები, ინფორმაციებიც ძირითადად შსს-ს მოპოვებულია. თავიდან, როდესაც ეს ტელევიზია გაიხსნა, ბევრი დაიბნა: რაში სჭირდებოდა ხელისუფლებას კიდევ ერთი არხი, როდესაც ის სრულად აკონტროლებდა სამ მთავარ ტელევიზიას - "საზოგადოებრივ მაუწყებელს", "რუსთავი 2"-ს და "იმედს"? კიდევ ერთი, ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი არხი რაღა საჭირო იყო? მას შემდეგ, რაც "რეალ-ტვ"-მ სიჩქარე "აკრიფა," უკვე ყველაფერი ცხადი გახდა.
არც ერთი სხვა სახელისუფლებო არხი ასე პირდაპირ ოპოზიციას არ უტევს, არც ერთი სხვა სახელისუფლებო არხი არ არის მხოლოდ ოპოზიციის შავი პიარით დაკავებული. არა, "რუსთავი 2"-იც და "იმედიც" ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებენ, მაგრამ ფორმალურად მაინც ცდილობენ სტანდარტების დაცვას და ხელისუფლების შეკვეთის "შეფუთვას. აქ კი ყველაფერი გაშიშვლებულია. ყველაფერი წარმოდგენილია ყოველგვარი შეფუთვის გარეშე.
როდესაც ამ ტელევიზიას ვუყურებთ, კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ, როგორია ხელისუფლების მუშაობის სტილი. ვხედავთ, ვის ერჩის ხელისუფლება ყველაზე მეტად და ვის ცოტა ნაკლებად, ვხედავთ მათ გემოვნებას. მოკლედ, ცხადად ვხედავთ, რა უნდა ხელისუფლებას. ამიტომ ამ არხის სლოგანი, ჩემი აზრით, უნდა იყოს არა "დაინახე შიშველი" ან "დაინახე შიშველი ოპოზიცია", არამედ - "დაინახე შიშველი ხელისუფლება".