ესპანეთის ყოფილმა მეფემ ხუან კარლოსმა, რომელის ტახტიდან 2014 წელს გადადგა, €4,4-მილიონიანი დავალიანების დასაფარად თავისი მეგობრებისგან ფული ისესხა. ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ყოფილი მეფის მეგობრებმა ნოტარიუსის თანდასწრებით ხელი მოაწერეს სესხის ხელშეკრულებებს, რათა ხუან კარლოსს იურიდიული პრობლემები არ შექმნოდა. El Pais-ი წერს, რომ ჩუქების შემთხვევაში თანხას 40%-ის გადასახადების სახით ჩამოეჭრებოდა, ამიტომ ხუან კარლოსის მეგობრებმა დახმარების ასეთი ფორმულა აირჩიეს. ფულის სესხების მზადყოფნა 30-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, თუმცა საბოლოო ხელშეკრებულებაში მხოლოდ 10 მსესხებელი ფიგურირებს, რომელთა ვინაობაც მედიისთვის ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ხუან კარლოსი 83 წლისაა და მას არ შეუძლია გრძელვადიანი კრედიტის აღება, თუ მისი გარდაცვალების შემდეგ კრედიტის დაფარვაზე პაუხისმგებლობას მისი მემკვიდრეები არ აიღებენ. ყოფილი მეფის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა ინფორმაცია, რომ ხუან კარლოსმა €4,4-მილიონიანი დავალიანება უკვე დაფარა.
El Pais-ის ინფორმაციით, საუბარია არადეკლარირებულ შემოსავალზე, რომლის საერთო ოდენობაც 8 მილიონ ევროს აღემატებოდა და კერძო თვითმფრინავებით მგზავრობის ხარჯებს მოიცავდა.