The Mandalorian-დან გაშვებული მსახიობი დისნეის ბულინგში ადანაშაულებს

The Mandalorian-დან გაშვებული მსახიობი დისნეის ბულინგში ადანაშაულებს

ამერიკელი მსახიობი ჯინა კარანო Disney-სა და Lucasfilm-ის სერიალიდან თებერვლის დასაწყისში დაითხოვეს. ამის მიზეზი სოციალურ ქსელებში გავრცელებული მისი საკამათო პოსტი გახდა. ახლა The Mandalorian-ის მსახიობი აცხადებს, რომ ის კინოსტუდიებისგან ბულინგის მსხვერპლია.

კარანომ თვის დასაწყისში ინსტაგრამზე დაპოსტა, რომ დღევანდელ ამერიკაში რესპუბლიკელებს ისე ექცევიან, როგორც ჰოლოკოსტის დროს ებრაელებს ეპყრობოდნენ. მის ამ განცხადებას ტვიტერზე კრიტიკა მოჰყვა და უამრავი ადამიანი მის სერიალიდან ჩამოშორებას მოითხოვდა. საპასუხოდ Lucasfilm-მა კარანოს პოსტს "მიუღებელი" უწოდა და მსახიობი შოუდან დაითხოვა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებს მილიონობით ებრაელი და უმცირესობების სხვა წარმომადგენლები ემსხვერპლნენ.

The Ben Shapiro Show-ში ინტერვიუს დროს კარანომ მის მიმართ გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და თქვა, რომ პრობლემა იმის გამო შეექმნა, რომ მისი მოსაზრება "არსებულ ნარატივში" არ ჯდებოდა:

"საქმე ბულინგთან გვაქვს და ვაპირებ, ჩემი ინტერესების დასაცავად ვიბრძოლო. ეს ჩემს წინააღმდეგ ნადირობას გავს და ამას აქამდეც ვგრძნობდი".

კარანო ასევე MMA-ს ყოფილი მებრძოლია. საკამათო პოსტში მას ეწერა, რომ "ამერიკაში ადამიანები პოლიტიკური შეხედულებების გამო სძულდათ" და ეს მოსაზრება ნაცისტურ გერმანიაში ებრაელების მიმართ დევნას შეადარა. მისი სიტყვებით, თავისი პოსტით ადამიანების შერიგება სურდა:

"ამ გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა. მესმის, რომ ებრაელების მიმართ ჩემი სიტყვები უპატივცემულობად და უსამართლობად აღიქვეს. ვინმეს ნაცისტს თუ დაუძახებ, ამით უპატივცემულობას გამოხატავ და ეს მესმის. მაგრამ მე ყველა მიყვარს და ადამიანები არ მძულს".

კარანო დასძენს, რომ სერიალიდან მისი გათავისუფლების შესახებ სოციალური ქსელებიდან შეიტყო და არც დისნეიდან და არც ლუკასფილმიდან მას პირადად არ დაკავშირებიან:

"მეც ადამიანი ვარ. ბევრი რამის სწავლა მიწევს და ვიზრდები. "დაქენსილება" დღეს ძალიან პოპულარულია, მაგრამ ეს პროცესი მარტივი არაა და ადამიანებზე მოქმედებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ შეიძლება იყოს ვიღაცის ცხოვრებაში. მაგრამ, რაღაც დროს თავი აღარ გებრალება და საკუთარი თავის დასაცავად გამოდიხარ".

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კარანო სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტის გამო გააკრიტიკეს. რესპუბლიკელებისა და ტრამპის მხარდამჭერი კარანო აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსაც აპროტესტებდა და ხმის დათვლის პროცესს ეჭვის ქვეშ აყენებდა. პანდემიის პარალელურად, ის პირბადეების გამოყენების ვალდებულებასაც მიუღებლად მიიჩნევდა, იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პირბადე ვირუსისგან თავდაცვის ერთ-ერთი მთავარი გზაა.