საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანების დათვალიერების საშუალება მათი შეძენის მსურველებს დღეს ექნებათ. კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დაინტერესებულ პირებს ავტომანქანების დათვალიერება 15:00-დან 17:00 საათამდე თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე შეეძლებათ.
სამინისტრო უწყების ბალანსზე მყოფი ძვირად ღირებული მანქანების ჩანაცვლებას ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გეგმავს, რომელსაც ორ ნაწილად ახორციელებს.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ავტომანქანების საერთო ღირებულება I ნაწილში შეადგენს 1 237 500 ლარს. ამავე ნაწილში მაღალი გამავლობის (ჯიპის ტიპის) 21 მანქანა შედის, მათ შორის - 2011-2012 წლებში გამოშვებული LEXUS RX350, TOYOTA HIGHLANDER, WOLKSVAGEN TUEREG; II ნაწილში კი - 721 000 ლარის ღირებულების სედანის ტიპის 7 მანქანა, მათ შორის MERCEDES BENZ VIANO, CADILAK ESCALADE და სხვა მარკის ავტომობილები.
განცხადების მიხედვით, დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია შემოთავაზებული ავტომანქანების რაოდენობის შესახებ, თითოეულ ნაწილში შემდეგი ხვედრითი წილის შესაბამისად - სედანის ტიპის მსუბუქი ავტომანქანები საერთო რაოდენობის 80%-ს, ხოლო მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანები საერთო რაოდენობის 20%-ს უნდა შეადგენდეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩანაცვლების პროცედურის შედეგად თითოეულ ნაწილზე მიღებული წინადადებების განხილვა-შეფასებისას პრიორიტეტი შემოთავაზებული ავტომანქანების რაოდენობას მიენიჭება.
კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განცხადება 13 თებერვალს გამოქვეყნდა.