ზურაბ ჯაფარიძე: ელჩებს გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, როგორ ვაფასებთ სიტუაციას და რა შეიძლება იყოს გამოსავალი

ზურაბ ჯაფარიძე: ელჩებს გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, როგორ ვაფასებთ სიტუაციას და რა შეიძლება იყოს გამოსავალი

ჩვენ მოთხოვნებთან დაკავშირებით ელჩების პოზიცია არ არსებობს. მათი პოზიცია იყო, რომ შეშფოთება გამოხატეს, რაც მოხდა ქვეყანაში. ჰქონდათ მცდელობა, რომ ქვეყანაში მოვლენების ესკალაცია არ მომხდარიყო, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„მათ გაგვიზიარეს საკუთარი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაციის ესკალაცია მოხდა, იმის გამო, რაც ჩვენ დღეს დილით ვიხილეთ. საუბრის შინაარსი იყო ის, პრინციპში, რაც საჯარო განცხადებებში ვნახეთ, როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის ელჩების განცხადებებში. ჩვენც გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, როგორ ვაფასებთ სიტუაციას და რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ეს არის: პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, პოლიტპატიმრების გამოშვება და შემდეგ ხელახალი არჩევნები“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში, ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

amo ქვეყანაზე გულანთებული შადიმანები
4 წლის უკან