ძალიან სამწუხაროა, სახალხო დამცველი თავის მანდატის განხორციელების ნაცვლად, როცა კანონის აღსრულების სადარაჯოზე უნდა იდგეს, ფაქტობრივად, კონკრეტული მხარის პოზიციის გატარებას ცდილობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიას დაკავების დროს, გარკვეული პირების პოლიციელებს სხვადასხვა საგანს ესვროდნენ, რაც კანონსაწინააღმდეგო პროცესია.
მიქანაძემ აღნიშნული განცხადებით ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის კრიტიკას უპასუხა. იგი მიიჩნევს, რომ ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების დროს, კანონის მოთხოვნები დაცული იყო.
„ძალიან სამწუხაროა, სახალხო დამცველი თავის მანდატის განხორციელების ნაცვლად, როცა კანონის აღსრულების სადარაჯოზე უნდა იდგეს, ფაქტიურად კონკრეტული მხარის პოზიციის გატარებას ცდილობს. ის გარემოება, რომ წიწაკის სპრეი იყო გამოყენებული, არის თანხვედრაში იმ კანონმდებლობასთან. კერძოდ, პოლიციის შესახებ კანონთან და ის ძალა, რომელიც პოლიციამ გამოიყენა, კანონის ფარგლებშია და პროპორციულია.
წიწაკის სპრეის გამოყენების სტანდარტები არსებობს და ის იყო მცირე დოზით ჰაერში გაშვებული ოთახში, სადაც ფანჯარა იყო. ამ სპრეის გამოყენება მიზანმიმართული იყო იმისთვის, რომ დამატებითი ძალის წინააღმდეგობა არ ყოფილიყო, ის წინააღმდეგობა, რომელიც იყო კანონსაწინააღმდეგო, რადგან ის ადამიანები რომლებიც ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ პოლიციისთვის იმ კონკრეტულ ოთახებში შესვლაში, მათი მხრიდან გაწეული წინააღმდეგობა იყო კანონსაწინააღმდეგო, ამას შსს, რა თქმა უნდა, შეისწავლის და ჩვენ ვნახეთ არა ერთი კადრი, როცა ნიკანორ მელია გაჰყავთ პოლიციელებს და იმ ოთახში მყოფი პირები სხვადასხვა საგანს როგორ ესვრიან პოლიციელებს, ამიტომ ეს არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, ეს ფაქტები აუცილებლად შესწავლილი იქნება და გამოძიება დაიწყება თუ არა ამასთან დაკავშირებით, შსს დამატებით მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა მიქანაძემ.
ნაცების სახალხოდ დამცველი, რომლის კანდიდატურაც სწორედ ამ მიზნით მოახვია თავს დასავლეთმა ხელისუფლებას!