სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა თუ რამე მსჯელობენ ოპოზიციის წარმომადგენლები ელჩებთან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრა სხვებზე ადრე დატოვა.
„შეხვედრა გრძელდება. ეს არის სამუშაო შეხვედრა, იმიტომ რომ ფასილიტატორ ელჩებს აქვთ სურვილი დაადგინონ მხარეების პოზიციები. დღეს ისინი შეხვდნენ ოპოზიციას, ასევე შეხვდებიან ხელისუფლებას და ცდილობენ დაადგინონ არის თუ არა სივრცე იმისთვის, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები. ჩვენ ვსაუბრობთ მათთან ჩვენს პოზიციაზე, როგორც გვესახება ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. ახალს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ სივრცე რაიმე შეთანხმებისთვის შეამცირა და შეავიწროვა „ქართულმა ოცნებამ“, - განცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციას მოლაპარაკებაზე უარი არასოდეს უთქვამს, თუმცა მათ მთავარ მოთხოვნებად გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.
„ის საუბრები, რომელიც ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ აქ წარმოდგენილ ელჩებთან, არამედ დედაქალაქებშიც, ჩვენი ქვეყნის მეგობრებთან, ამერიკის სენატში, კოგნრესში, ევროპარლამენტში გვარწმუნებს ერთ რამეში - თუ „ქართული ოცნება“ არ გამოფხიზლდება, არ გაახსენდება რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა არ უნდა გამოიყენოს ოპოზიციის დევნისთვისა და ოპოზიციის განადგურებისთვის და დემოკრატიული პროცესი უნდა აღადგინოს, ან მათ ელოდება ძალიან მძიმე ბედი. შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. მანამდე დიპლომატებთან შეხვედრა სალომე ზურაბიშვილმა გამართა.