საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ნიკა მელიამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავი კანონზე მაღლა დაეყენებინა და სახელმწიფო იძულებული გახდა, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება, აღესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება.
„ეს არის მესიჯი იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ შემდგარ სახელმწიფოში, სადაც კანონის პატივისცემა არის უზენაესი. ოპოზიციის მხრიდან სიტუაცია ინსპირირებულია პროვოკაციულად, ეს ერთ-ერთი ნაწილია იმ სცენარის, რომლის განვითარებასაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით. ეს არის მცდელობა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს, ნიკა მელია არის სიტუაციაში მეწამული ადამიანი, რეალურად, ეს ადამიანი კანონს ფეხქვეშ თელავს. ამიტომ, სახელმწიფომ ის ზომები მიიღო, რაც ნებისმიერ სახელმწიფოში განხორციელდებოდა“, - განაცხადა მიქანაძემ.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.
ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.
2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.
ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.