მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა აშშ-ს საელჩოს განცხადების ცალკეულ ასპექტებს, არაა სასიამოვნო განცხადება, როდესაც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა აკეთებს ასეთ განცხადებებს. თუმცა, აქვე, თავს ნებას მივცემ არ დავეთანხმო ამ განცხადების მთელ რიგ ასპექტებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხდა.
მან კაპიტოლიუმში შეჭრის შემთხვევაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ „იგივე სტანდარტი უნდა იყოს საქართველოშიც“.
„ის, რაც შიდა ტერორიზმია აშშ-ში, იგივეა საქართველოშიც. როდესაც აშშ-ში ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს სდებდნენ ბრალს, რომ იყო ხელშეწყობისა და წამქეზებელი კაპიტოლიუმში შეჭრისას, ამის შემდეგ, მას უყენებენ ბრალს და იწყება უკვე თანამდებობიდან წასული პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, როდესაც, სავარაუდოდ, აქეზებდა შეჭრის მსურველებს, ბუნებრივია, იგივე სტანდარტი უნდა იყოს საქართველოშიც. რა თქმა უნდა, ეს არაა სასიამოვნო განცხადება, მაგრა, ჩვენ მოგვიწევს ჩვენს მეგობრებთან მუშაობა იმაში დასარწმუნებლად, თუ რამდენადაა სიმართლე სახელმწიფოსა და სამართლის მხარეს“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.
ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.
2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.
ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.