ჟიგიმანტას პავილიონისი აკეთებს განცხადებას, არა მარტო არაკორექტურს, არამედ ანგაჟირებულს, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმიდან არის ნათქვამი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ოკუპაციის საკითხზე ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებაზე საუბრისას თქვა.
„ამასთან დაკავშირებით არა თუ განცხადება არ გააკეთეს ჩვენმა ოპონენტებმა, არამედ პირიქით. დროთა განმავლობაში თუ დააკვირდებით როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წლამდე, მას შემდეგ, დავით გარეჯთან დაკავშირებით, ახლანდელი განცხადებები, ადვილად მიხვდებით, რომ ეს თემა არა თუ მტკივნეული არ არის მათთვის, არამედ სწორედ ეს თემაა, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებთ, რატომ მოაწერეს ხელი დოკუმენტს, სადაც საქართველოს ბრალეულობაა აღნიშნული და უამრავი რამ, რასაც რასაკვირველია ხშირ შემთხვევაში წამოცდენაც ახლავს თან, მათ შორის ამ ლიეტუველი პოლიტიკოსის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ლიეტუვის სეიმის წევრი საქართველოში 20 თებერვალს ჩამოვიდა. ვიზიტის პირველივე დღეს, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. იმავე დღეს, ჟიგიმანტას პავილიონისი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძესაც შეხვდა.
„თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? თუ არ გაერთიანებით, დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ“, - განაცხადა თბილისში ვიზიტისას ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა.