მაინტერესებს, ამერიკის სენატსა და კონგრესზე შეტევა შიდა ტერორიზმია და საქართველოს პარლამენტზე შეტევა რას ნიშნავს? – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
„იქ იყო ადგილზე ლიკვიდირებული ოთხი დემონსტრანტი, 150 კაცია დაპატიმრებული, მიდის ძიება, მოთხოვნა არის დღემდე კომისიის შექმნის, რომლიც განიხილავს ტრამპის როლს და ეს ფაქტი შიდა ტერორიზმად არის მოხსენიებული იგივე ადამ კინზინგერის მხრიდან. მაინტერესებს, ამერიკის სენატსა და კონგრესზე შეტევა შიდა ტერორიზმია და საქართველოს პარლამენტზე შეტევა რას ნიშნავს?
მინდა გითხრათ, რომ ტრამპის როლი და შეფასება რასაც ის აკეთებდა 6 სექტემბერს, იმასთან შედარებით, რასაც მელია აკეთებდა აქ, არის საბავშო ბაღი. თუ ვინმე მოგვიწოდებს, რომ ჩვენ კანონის არაღსრულების გზით ვიაროთ, მაშინ იქნებ დაგვისაბუთონ, ჩვენ საქართველოს მოსახლეობას, რომ კანონი არ უნდა იყოს აღსრულებული? მხოლოდ იმიტომ, რომ დამნაშავეები ეფარებიან პოლიტიკურ ფარსს? თუ აგვიხსნიან როგორც ხდება ეს, თუ აშშ-ის საელჩო აგვიხსნის, როგორ შეიძლება ერთდროულად რომ დაგმო ის, რაც ხდება 6 სექტემბერს აშშ დედაქალაქში და არ დაგმო ის, რაც ხდება 20 ივნისს თბილისში და როდესაც შეტევა მიდის ქართული პარლამენტის წინააღმდეგ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.
ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.
2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.
ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.