ნიკოლოზ სამხარაძე: ვადასტურებთ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებას, არასასიამოვნო ფაქტია, როცა ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში მიდის, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილება იყო

ნიკოლოზ სამხარაძე: ვადასტურებთ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებას, არასასიამოვნო ფაქტია, როცა ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში მიდის, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილება იყო

ვადასტურებთ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებას, არასასიამოვნო ფაქტია, როცა ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში მიდის, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილება იყო, მან და მისმა პარტიამ აირჩიეს ასე, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება ყოველთვის კრიტიკის საფუძველი ხდება, თუმცა არც ერთ საერთაშორისო პარტნიორს არ უთქვამს, რომ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქმე აქამდე მივიდა და საჭირო გახდა ნიკა მელიას დაპატიმრება. მას ყველა ბერკეტი ჰქონდა, რომ გადაეხადა გირაო, საპატიმროში არ წასულიყო და ეღიარებინა ბრალი, რასაც სხვადასხვა ინტერვიუში ისედაც აღიარებს. ეს იქნებოდა გამოსავალი. შეგვეძლო საკითხი მშვიდობიანად დაგვეხურა და იმ უფრო მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაზე გადავსულიყავით, რაც ქვეყანას სჭირდება. ხელისუფლებასა და პოლიციას სხვა გზა აღარ ჰქონდათ. თუ გვინდა კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ავაშენოთ, ეს იყო აუცილებელი ქმედება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი დღესაც არსებობს, მელია შეიძლება გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან, თუ ის საჯარო განცხადებას გააკეთებს და დანაშაულს მოინანიებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.