საგამოძიებო კომისიის შექმნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სტანდარტი მმართველი გუნდის მხრიდან გახლავთ ის, რომ სიტყვებს, განცხადებებსა და ქმედებებსაც თავისი კონკრეტული პასუხისმგებლობა მოჰყვება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დროა, იმ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებიც დარღვევებზე საუბრობდნენ, მონაწილეობა მიიღონ ამ კომისიის საქმიანობაში.
„ჩვენ გვმართებს პასუხისმგებლიანი მიდგომა, რაც ერთი მხრივ ჩვენგან გამოჩნდა, რომ ჩვენ ვასრულებთ პირობას და ვქმნით კომისიას. ახლა დროა, იმ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არჩევნებში იყო მნიშვნელოვანი დარღვევები მონაწილეობა მიიღონ ამ კომისიის საქმიანობაში და წარმოადგინონ არგუმენტები ან დასვან ის კითხვები შესაბამის ადამიანებთან, ვინც მოწვეული იქნებიან ამ კომისიის ფარგლებში, რომელზეც საუბრობენ. სხვანაირად ჩვენ ვერ გადავალთ პასუხისმგებლიან, საქმიან და მშვიდობიან პოლიტიკაზე, როგორიც აქვს ევროპას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.