მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიას ციხეში მოსახვედრად ყველაფერს აკეთებს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით იჭერს თავისი პარტიის თავმჯდომარეს.
„მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ გენეტიკურ კოდში უდევთ ადამიანის დაჭერა და ამ გზით რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა. როცა ხელისუფლებაში არ არიან და პროკურატურა და სასამართლო დამონებული არ ჰყავთ, როგორც თავის დროზე ჰყავდათ, ახლა უკვე მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რომელსაც სამწუხაროდ, ნიკა მელიაც უერთდება, იჭერენ ნიკა მელიას.
ნიკა მელიას ციხეში მოსახვედრად ყველაფერს აკეთებენ და ყველა მათი გადწყვეტილება აქეთ მიდის. ალბათ, დასკვნების გამოტანა ძალიან მარტივია. მიხეილ სააკაშვილი წაქეზებით და საკუთარი გადაწყვეტილებით იჭერს თავისი პარტიის თავმჯდომარეს, ლიდერს, სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს. ნიკა მელია გირაოს თუ გადაიხდის, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ შეიცვლება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი 17 თებერვალს შეუჩერა.
„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.