დავით ბაქრაძე: ნიკა მელიას დაკავება უმძიმეს პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს

დავით ბაქრაძე: ნიკა მელიას დაკავება უმძიმეს პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს

დღეს ყველას ესმის რომ ნიკა მელიას დაკავება იქნება ნაბიჯი, რომელიც უმძიმეს პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაპატიმრება რადიკალიზაციის მორიგ ტალღაში შესვლა იქნება.

„ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც შეუძლებელს გახდის არათუ მიმდინარე კრიზისიდან გამოსვლას და პოლიტიკურ დიალოგს, არამედ მძიმე კითხვის ნიშნებს გააჩენს მომავალი ადგილობრივი არჩევნების გარშემოც. ამიტომ ნიკა მელიას დაკავება ამ ქვეყანაში არასტაბილურობის, დაპირისპირების და პოლარიზაციისკენ ნაბიჯი იქნება. მინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, სანამ ჯერ კიდევ არის დრო და შესაძლებლობა დაასრულეთ ეს აბსურდი და იმოქმედეთ როგორც ხელისუფლება, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე“, - აღნიშნავს ბაქრაძე.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს.

16 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.