„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, როდესაც სახელმწიფო გადის კონსტიტუციური წესრიგიდან და სახელმწიფო უწყებები ერთ ადამიანს ემორჩილებიან - მის ხუშტურს და არა კანონს - ის, როგორც მოქალაქე, ვალდებულია დაიცვას საკუთარი თავი, ოჯახი, მეგობრები და ღირსება.
„ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ჟურნალისტებმა გეგმების შესახებ გახარიასა და გომელაურს უნდა ჰკითხოთ. ჩიხში არიან ისინი - ჩვენ ვართ შენობაში, ისინი იქნებიან გარეთ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, რვა წელიწადია ჩვენ ვართ გარეთ და ისინი შიგნით. არა ვართ გამაგრებულები, ჩვენ ვართ ოფისში და გამაგრეება სჭირდება იმას, ვისაც ნერვები არა აქვს წესრიგში და ასეთი ხელისუფლებაში ბევრი ჰყავთ. მათ არანაირი კანონიერი უფლება არ აქვთ აქ შემოსვლის, მით უმეტეს ჩხრეკის, ჩვენ ვართ კონსტიტუციით აღჭურვილები და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოძალადეს არ შემოვუშვებთ და თქვენ შეუშვებდით თქვენს სახლში მოძალადეს? მოძალადე გინდა ფორმიანი იყოს და გინდა უფორმო - რა, დაგვავიწყდა, მხედრიონი რომ იყო? ფორმალურად ეს არის კანონის დარღვევა, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, იმიტომ რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უმაღლესი კანონი არის კონსტიტუცია. ახლა კონსტიტუცია ირღვევა და როდესაც სახელმწიფო გადის კონსტიტუციური წესრიგიდან და სახელმწიფო უწყებები ერთ ადამიანს ემორჩილებიან - მის ხუშტურს და არა კანონს - მე, როგორც მოქალაქე, ვალდებული ვარ დავიცვა ჩემი თავი, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები და ჩემი ღირსება“, - განაცხადა უგულავამ.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს.
16 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.
„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.