სოზარ სუბარი: ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ნუ აქეზებენ ნიკა მელიას და ნუ შეიყვანენ ისეთ ჩიხში, რომელიც პირველ რიგში, მისთვის იქნება ძალიან მძიმე

სოზარ სუბარი: ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ნუ აქეზებენ ნიკა მელიას და ნუ შეიყვანენ ისეთ ჩიხში, რომელიც პირველ რიგში, მისთვის იქნება ძალიან მძიმე

ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ნუ აქეზებენ ნიკა მელიას და ნუ შეიყვანენ ისეთ ჩიხში, რომელიც პირველ რიგში, მისთვის იქნება ძალიან მძიმე, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ, კანონთან წინააღმდეგობას აზრი არ აქვს.

„რამდენადაც მოვისმინე, 16:00 საათზე არის პროცესი ჩანიშნული. კანონთან წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, მგონი ამაზე ყველანი ვთანხმდებით, ნიკა მელიას მოვუწოდებ დაემორჩილოს კანონს, ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ნუ აქეზებენ ნიკა მელიას და ნუ შეიყვანენ ისეთ ჩიხში, რომელიც პირველ რიგში ნიკა მელიასთვის იქნება ძალიან მძიმე. ნიკა მელიას რა შემიძლია ვუთხრა - ნუ ეშინია, მივიდეს სასამართლოზე და გადაწყვეტილება რაც იქნება, იმას დაემორჩილოს“, - განაცხადა სუბარმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს.

16 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.