ნიკა მელია: „ქართულ ოცნებას“ მოუწევს გამოსავალი იპოვოს და ახალი არჩევნები დანიშნოს

ნიკა მელია: „ქართულ ოცნებას“ მოუწევს გამოსავალი იპოვოს და ახალი არჩევნები დანიშნოს

„ქართული ოცნება“ არის ჩიხურ მდგომარეობაში. არ იცის, როგორ დაიხიოს უკან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებას ან გამოსავალი იპოვოს და დანიშნოს ახალი არჩევნები.

„დაკავება, 20 ივნისის საფუძვლით, გამოიწვევს საზოგადოებაში ვნებათაღელვას. ამას ატყობს „ქართული ოცნება“ და არის ჩიხურ მდგომარეობაში. არ იცის, როგორ დაიხიოს უკან. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს დაიხიოს უკან, როგორ – ეს მათ უნდა გადაწყვიტონ. ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებას, ქვეყანას და არა მე, იმისთვის, რაც გააკეთა; განსაკუთრებით 20 ივნისთან და იმ საქმესთან დაკავშირებით, რაც შეთხზეს სისხლის სამართლის საქმის სახით, ან უბრალოდ გამოსავალი იპოვონ, თითქოს მარტივ, მაგრამ როგორიც საჭიროებს გამბედავ გადაწყვეტილებას – დანიშნონ ახალი არჩევნები. ასე უბრალოდ, ვერ გაგრძელდება, გავრილოვის დავალებით, ქართველი ორი, სამი, ან თუნდაც ერთი მოქალაქე ციხეში ვერ წავა. ქართველი ხალხი სამართლიანად გამოთქვამს პროტესტს, როდესაც მას შეურაცხყოფას სულში აყენებ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს.

16 თევერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.

Aburjga Tasmanieli თუ ქართული ოცნება დანიშნავს არჩევნებს იმ არჩევნებზე წავალ, პირველი ვიქნები საარჩევნო უბანზე და ნაციონალურ მოძრაობას მივცემ ხმას!
4 წლის უკან