ჩვენს კულტურაში სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და რელიგიური საფუძვლები ერთნაირად მნიშვნელოვანია. ვინც ერთ-ერთ ელემენტზე ამბობს უარს, ის ფაქტობრივად, უარს ამბობს ქვეყანაზე, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემა ,,იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
მას კითხვით მიმართეს რამდენად იდენტურია ბოლშევიკებისა და ნეობოლშევიკების იეოლოგია და არის თუ არა მათ შორის რაიმე განსხვავება.
„არსებობს უფრო ღრმა პარალელები, ვიდრე ბოლშევიზმია. დავიწყებ იქედან, რომ როდესაც უწმინდესი მამა, რომის პაპი ფრანცისკე საქართველოდან რომში ბრუნდებოდა ჰკითხეს, რა ქვეყანაა საქართველო. მან გამოყო ორი მთავარი ასპექტი. პირველი, ეს არის ქვეყანა, რომელმაც უამრავი სისხლი დაღვარა ქრისტიანობისთვის და არის წმინდანთა და მარტვილთა ქვეყანა და მეორე, მან აღნიშნა, რომ მათ ჰყავთ პატრიარქი, „დიდი ღვთის კაცი“, - განაცხადა შათირიშვილმა.
მისივე თქმით, როგორც რომის კათოლიკე ეკლესიის რიგითი წევრს, სურს გამოეხმაუროს წმინდა მამაის აღნიშნულ სიტყვებს და კიდევ ერთი ასპექტის შესახებ ისაუბროს.
„მინდა გავიხსენო კიდევ მესამე ასპექტი, რომელიც ალბათ, ეხმიანება საქართველო, როგორც წმინდანთა და მარტვილთა ქვეყანას. ეს არის 1622 წელი 24 სექტემბერი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და რომის ეკლესიის საერთო დღეა. ეს არის წმინდა ქეთევანის მოხსენიების დღე. ქალმა, პოლიტიკოსმა, არა რელიგიურმა პირმა უარი თქვა ხელისუფლებაზე და ქრისტეს, ჭეშმარიტების გამო დაღვარა სისხლი. მერე როგორც მერაბ მამარდაშვილმა თქვა, მართლაც, როდესაც სამშობლოზე მაღლა დგას ჭეშმარიტება, შენ სამშობლოსაც გადაარჩენ“, - განაცხადა შათირიშვილმა.
მან ასევე გაიხსენა რომის პაპი იოანე-პავლე მეორე, რომელმაც ინგლისელი ტომას მორი პოლიტიკოსთა მფარველ წმინდანად შერაცხა,
„ტომას მორი, უდიდესი ინტელექტუალი, უტოპიის ავტორი და ჰენრი მერვის მეგობარი, რომელიც დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას, ინგლისს, რომელმაც უარი თქვა ფაქტობრივად დედაეკლესიაზე, რომის პაპმა იოანე-პავლე მეორემ პოლიტიკოსების მფარველ წმინდანად გამოაცხადა. მე ველოდები იმ დღეს, როდესაც წმინდა ქეთევანს როგორც რომის, ასევე საქართველოს ეკლესია, შერაცხავს პოლიტიკოსების მფარველ წმინდანად. ვფიქრობ, ეს იქნება დასაწყისი ამ უზნეო პოლიტიკის დამთავრებისა საქართველოში“, - განაცხადა შათირიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მხოლოდ სეკულარულ საფუძვლებზე დამყარება შეუძლებელია.