გარემოში, სადაც ღირსება არის აბსოლუტურად ნიველირებული, ადამიანი თანდათან კარგავს ფუნქციას და ხდება უბრალოდ ჭანჭიკი, შემდეგ აღარ არის საუბარი არც მამულზე, ენაზე, არც არანაირ ფუნდამენტურ ღირებულებაზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს არის ვითარება, როცა სოციალურ ქსელშიც ხდება უზარმაზარი აგრესიის გამოხატვა, ლანძღვა-გინება, მედიასაშუალებებში კი არ მიმდინარეობს დისკუსია კულტურულ საკითხებზე, სულიერი სიცარიელე კი პოლიტიკურ სიცარიელეს გამოიწვევს.
„ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანები ცდილობენ, ყველაფერი დაუშვან და დაამკვიდრონ. ერთ-ერთი არის მეტყველება. ეს ნელ-ნელა შემოვიდა. პირველად წამხედურობით, და ვთქვათ, დიდი გოიმობითაც. ისეთი თაობიდან მოვდივართ, როცა კადრებს ჭრიდნენ ტელევიზორიდან, პირველად რომ გავიდა რაღაც კადრები, ვამბობდით, რომ თავისუფლებაა. მახსოვს, როგორი ამბები იყო, როცა რეკლამა გავიდა – ვაა, ხედავ, რეკლამა გავიდა, და რომ შეიგინა, უკვე მაგარი ადამიანი გახდა.
ახლა მიდის ისეთი პროცესი, ღვინო რომ დუღს – ამოტრიალებულია ყველაფერი, ფაქტობრივად, არის უზარმაზარი აგრესიის ნთხევა. რომ ავიღოთ სოციალური ქსელი. ადამიანები განიმსჭვალნენ იმით, რომ ყველა არის მტერი. მიდის ჩვეულებრივი ლანძღვა-გინება, აბსოლუტური გადასწორება. რატომ? ასეთი გარემო თუ დამკვიდრდა, სადაც ღირსება არის აბსოლუტურად ნიველირებული, ყველაფერ ამას თუ უნდა შეეგუო, აქ ადამიანი თანდათან კარგავს ფუნქციას და ხდება უბრალოდ ჭანჭიკი. შემდეგ უკვე აღარ არის საუბარი არც მამულზე, არც ენაზე, არც სამშობლოზე, არც არანაირ ფუნდამენტურ ღირებულებაზე. რასაკვირველია, ყველაფერ ამისგან თავისუფალი და დაცლილი ადამიანი დიდ უპირატესობას იღებს. საწყენად არ ვამბობ, ბოლოს როდის იყო საუბარი, დისკუსია ჩვენს ტელევიზიაში, ჩვენს სივრცეში კულტურაზე, ან რასაც უნდა ეფუძნებოდეს ინტელექტუალური პატრიოტიზმი, თუ მარტო იმაზე იქნება ლაპარაკი, ეს კატასტროფამდე მივა. სულიერი სიცარიელე გამოიწვევს პოლიტიკურ სიცარიელეს და ამ შედეგს მივიღებთ. ბევრი ადამიანი, რომელიც კოშკში ჩაკეტილ დღევანდელ პოლიტიკოსებს მიყვება, შეიძლება, გულწრფელია, აყვა ამ სიტუაციას, დაცარიელდა და ამ წუთიერით ცხოვრობს, როგორც პეპელა. ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ამ თემებზეც არ მიდის საუბარი, თითქოს ეს მკრეხელობად ითვლებოდა. მედიაკრიტიკაც ჩვენთან ფაქტობრივად არ არის, მიდი, მოსულა ყველაფერი. თუ ადამიანმა დაკარგა ყველა ზნეობრივი კრიტეირუმი, მაშინ მისგან დარჩება ძალიან საშინელი ცხოველი, რადგან ადამიანი თავისი არსით ძლიერი მტაცებელია“, – განაცხადა ვასილ მაღლაფაერიძემ.