ვასილ მაღლაფერიძე: საქმეს არასდროს წასდგომია დამოკიდებულება „მე ვარ და ჩემი ნაბადი“

ვასილ მაღლაფერიძე: საქმეს არასდროს წასდგომია დამოკიდებულება „მე ვარ და ჩემი ნაბადი“

კანონისადმი უპატივცემულობის ფაქტები საქართველოს ისტორიაში ყოფილა და ეს არ იყო საუკეთესო წლები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძემ „ტელეიმედის“ გადაცემა ,,იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქმეს არასდროს წასდგომია დამოკიდებულება „მე ვარ და ჩემი ნაბადი“, „გადავწყვიტე, რომ პოლიტიკური პარტია მაქვს, კანონს პატივს აღარ ვცემ და მინდა, მოვიპოვო ხელისუფლება არა პარტიული ბრძოლით, არამედ სულ ჩამოვშალო რაც არის“. მაღლაფერიძის განცხადებით, ისტორიულად ყოფილა, როცა რომელიღაც ფეოდალი გადიოდა კანონის სივრციდან და კოშკში გამაგრდებოდა, მაგრამ მაშინაც ხშირად კარიკატურულად გამოიყურებოდა ასეთი ფაქტები და ტრაგიკულად მთავრდებოდა.

„პოლიტიკური თვალსაზრისით ახლაც იგივეს ვხედავთ. ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანები ცდილობენ, ყველაფერი დაუშვან საკუთარი თავისთვის და დაამკვიდრონ. ერთ-ერთი არის მეტყველება. ეს ნელ-ნელა შემოვიდა. პირველად წამხედურობით, და ვთქვათ, დიდი გოიმობითაც. პირველად რომ გავიდა რაღაც კადრები, ვამბობდით, რომ თავისუფლებაა. მახსოვს, როგორი ამბები იყო, როცა რეკლამა გავიდა - ვაა, ხედავ, რეკლამა გავიდა, და რომ შეიგინა, უკვე მაგარი ადამიანი გახდა.

ახლა მიდის ისეთი პროცესი, ღვინო რომ დუღს - ამოტრიალებულია ყველაფერი, ფაქტობრივად, არის უზარმაზარი აგრესიის ნთხევა. რომ ავიღოთ სოციალური ქსელი. ადამიანები განიმსჭვალენ იმით, რომ ყველა არის მტერი. მიდის ჩვეულებრივი ლანძღვა-გინება, აბსოლუტური გადასწორება. რატომ? ასეთი გარემო თუ დამკვიდრდა, სადაც ღირსება არის აბსოლუტურად ნიველირებული, ყველაფერ ამას თუ უნდა შეეგუო, აქ ადამიანი თანდათან კარგავს ფუნქციას და ხდება უბრალოდ ჭანჭიკი. შემდეგ უკვე აღარ არის საუბარი არც მამულზე, არც ენაზე, არც სამშობლოზე, არც არანაირ ფუნდამენტალურ ღირებულებაზე“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.