ირაკლი კობახიძე: „ნაციონალების“ და გავრილოვის პარტნიორობას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალების“ და გავრილოვის პარტნიორობას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს

30 წელი შესრულდა დამოუკიდებლობის აღდგენიდან და ჯერ კიდევ გვიწევს იმის მტკიცება, რომ სამართლის უზენაესობა არის ის, რასაც უნდა ეფუძნებოდეს პირველ რიგში საზოგადოება, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ სახელმწიფო სამართლებრივი უნდა იყოს. კობახიძე „ნაცმოძრაობისა“ და რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის კავშირზეც საუბრობს.

„ნაციონალების“ და გავრილოვის პარტნიორობას აქვს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია და ეს ისტორია დაიწყო 2019 წლის 20 ივნისამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე. მოვლენები, რომლებიც განვითარდა იმ დროს საქართველოში, რა თქმა უნდა იყო მათ საერთო ინტერესებში. დღეს ორ პოლიტიკურ სუბიექტს აძლევს ხელს საქართველოში დესტაბილიზაცია - ეს არის ქვეყნის შიგნით „ნაცმოძრაობა“ და ეს არის ქვეყნის გარეთ რუსეთის ფედერაცია, რომელსაც აქვს თავისი ზრახვები საქართველოს მიმართ. თუმცა, ვერც ერთის და ვერც მეორეს განზრახვა ვერ შესრულდება, რადგან სახელმწიფოს აქვს ძალა იმისთვის, რომ უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში.

არის ბუნებრივი თანხვედრა ამ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის - რუსეთის ფედერაციასა და „ნაცმოძრაობას“ შორის - ორივეს სურს ქვეყანაში ვითარების არევა. აქედან გამომდინარე, რომც არ იყოს კოორდინირებული პირდაპირი გაგებით ეს მოქმედებები, არსებობს ერთგვარი ბუნებრივი უხილავი კავშირები ამ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ხოლმე ის, რომ მაგალითად გავრილოვი პერიოდულად აკეთებს ზუსტად ისეთ განცხადებებს, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს, არის ხშირი კომუნიკაცია პარტიულ ტელევიზიებსა და გავრილოვს შორის და ა.შ. ეს ინტერესების თანხვედრა არის დღესავით ნათელი“,- განაცხადა კობახიძემ.

„სიცრუე რომელიც იღვრება 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება ნიკა მელიას მიერ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზეც ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“, - ეს განცხადება რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა „ტვ.პირველის“ ეთერში გააკეთა.

სერგეი გავრილოვის განცხადებას ნიკა მელიამ სპეციალური ბრიფინგით უპასუხა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ესაა მკაფიო ხაზი, რომლის ერთ მხარესაც გავრილოვია, მეორე მხარეს კი ქართველი ხალხი.