ვნახოთ ეყოფათ კეთილგონიერება, თუ წავლენ ვა-ბანკზე. წავლენ ვა-ბანკზე და მიიღებენ საპასუხოდ ძალიან ძლიერ დარტყმას ოპოზიციის მხრიდან, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ პარტიის ოფისში მისვლის შემდეგ განაცხადა, რითაც პარლამენტის მიერ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს გამოეხმაურა.
რომან გოცირიძის განცხადებით, დღეს მთელი საქართველო არის ამ უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ და ამ ბრძოლის სიმბოლო, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება, ნიკა მელიაა.
"დღეს ჩვენ ვიხილეთ სამარცხვინო ადამიანები პარლამენტში. ერთხელ როცა დააჭერ ღილაკს, სამომავლოდ უკვე ყველაფერზე წამსვლელები გახდნენ, ყველაფრის მკადრებლების სინდრომი არის ღილაკზე ხელის დაჭერა. ეს იყო ივანიშვილისადმი მონური მორჩილების დადასტურება. დღეს ვხედავთ, რომ მთელი საქართველო არის ამ უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ და ნიკა მელია არის სიმბოლო ამ ბრძოლისა. ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით. ჩვენ გვახსოვს, რომ ზუსტად ასეთივე სცენარი წარიმართა მაშინ, ივანიშვილმა დილის 9:00 საათზე დანიშნა კომიტეტის სხდომა და მეორე დღეს სასამართლოში უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება გამოტანილი დაპატიმრების შესახებ. ბოლოს, მიხვდა, რომ მუქარა იყო საერთაშორისო პარტნიორებიდან და უკან დაიხია. ვნახოთ, ეყოფათ კეთილგონიერება, თუ წავა ვა-ბანკზე. წავა ვა-ბანკზე და მიიღებს საპასუხოდ ძალიან ძლიერ დარტყმას ოპოზიციის მხრიდან”, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.