არჩილ თალაკვაძე: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ ურთიერთობაზე გადის

არჩილ თალაკვაძე: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ ურთიერთობაზე გადის

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უძღვებოდა, არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიშზე ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, ან ლინდესთან ახლახან გამართული შეხვედრის თაობაზე და განაცხადა, რომ სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას კვლავაც მტკიცე მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჩვენი მეგობრების, სტრატეგიული მოკავშირეების ძალიან მტკიცე გზავნილები და მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დემოკრატიული დღის წესრიგის მიმართ. ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზეც. საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობაზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, რაზეც ქალბატონმა ლინდემ ძალიან პოზიტიური მოლოდინები დააფიქსირა. ვისაუბრეთ დეოკუპაციის პროცესთან დაკავშირებით, ასევე განსაკუთრებით აღვნიშნეთ ევროსასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი ადამიანის უფლებათა დარღვევები სათანადოდ შეფასდა ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში. ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა რუსეთის ფედერაციას“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, პარტნიორებთან ისაუბრეს იმის შესახებ, რომ საქართველო, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, მშვიდობიანი პოლიტიკით, საერთაშორისო მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციით განაგრძობს დეოკუპაციის პროცესს.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დადგება ის მომენტი, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხერხდება სწორედ ამ გზით, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, რომელიც გადის მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ ურთიერთობაზე და, რაც მთავარია, ორიენტირებულია აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩვენი ძმების და დების დაბრუნებაზე და იმ ხიდების აღდგენაზე, რომლებიც ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის არსებობდა, ვიდრე ეს კონფლიქტი იქნებოდა ინსპირირებული და განხორციელებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.