გიორგი ვოლსკი: პარლამენტში 88 მონაა თუ მხევალი, ნიკა მელია ამ ეპითეტებით თუ დატვირთავს კომენტარს, ის რეალობა არ გაქრება რაც არსებობს

გიორგი ვოლსკი: პარლამენტში 88 მონაა თუ მხევალი, ნიკა მელია ამ ეპითეტებით თუ დატვირთავს კომენტარს, ის რეალობა არ გაქრება რაც არსებობს

ნიკა მელია, რაც უფრო მეტ შეურაცხმყოფელ სიტყვას იტყვის, პარლამენტში 88 მონაა თუ მხევალი და ამ ეპითეტებით დატვირთავს თავის კომენტარს ის რეალობა არ გაქრება რაც არსებობს, - ამის შესხებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სწორედ მაშინ როცა პოლიტიკურად გაუჭირდა „ნაცმოძრაობას“, ჩემი აზრით გადაწყვიტეს, რომ როგორმე ნიკა მელიას თემა წამოწიონ და პოლიტიკური აჟიოტაჟი შექმნან მის გარშემო. რაც შეეხება გავრილოვს, არც მისი მოულოდნელი განცხადებები და სავარძელში ჩახტომა, არც მისი დღევანდელი განცხადებები და მოქმედებები ნიკა მელიას მხარეს აგდებს მაშველ რგოლს. ალექსეი გავრილოვმა ზუსტად იცოდა, რომელმა ტელევიზიამ დაურეკა და ის კომენტარი მისცა რაც მათ სჭირდებოდათ.“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

რაც შეეხება მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას, ვოლსკის განცხადებით, ეს ითვალისწინებს სასამართლოს წინაშე წარდგომას. „ეს არ ნიშნავს რომ მისი დაცვის უფლება სასამართლოში იქნება შეზღუდული“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.

12 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უფრო მკაცრი ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოში წარსადგენად პარლამენტს მიმართა.