ნიკა მელია - გავრილოვის დავალება შესრულებულია - მორჩილებაში მყოფმა 88 ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა
გავრილოვის დავალება შესრულებულია, 88 მორჩილებაში მყოფმა ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მისთვის იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, პარლამენტის ეს ვერდიქტი არა მხოლოდ მას, არამედ ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისის აღშფოთდა.
„ეს ჩემთვის გამოტანილი ვერდიქტი არ იყო. ამ ადამიანებმა, პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მეხუთე კოლონამ, განაჩენი გამოუტანა ყველას და ვფიქრობ, არ ვიქნები გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ პარლამენტმა განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ქუჩაში გამოვიდა, თქვენც, თქვენს მშობლებსაც. ვინც ხმა აიმაღლა, გააპროტესტა, ვინც სამშობლოს გამოესარჩლა. გამოუტანეს ყველას, ვინც იყო იმ კონკრეტულ დღეს მოძალადეების მსხვერპლი, ვისაც დათვის ტყვიები ესროლეს, ვისაც ხელკეტი მოუქნიეს, თბილისის მასშტაბით, დევნა განახორციელეს, ვისაც თვალები დათხარეს, ვისაც იმ დღეს სამშობლო მოსტაცეს. ვისაც ეს განცდა დაეუფლა, ყველანი განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა ავედით და მივედით რუსთაველის გამზირზე, ერთ-ერთი ვიყავი მე, იქ იყო მრავალი ათასი ადამიანი ამ გრძნობით, რომელმაც მიიჩნია, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს. ამიტომ მთელ საქართველოს მინდა ვუთხრა, ამ ადამიანების სახელით ვისზეც ვისაუბრე, ვისაც თვალები დათხარეს და ვინც შეურაცხყოფაზე ხმა აიმაღლა, ამ ადამიანების სახელით გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მე არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას. არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს!“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს. შესაბამისი დადგენილება 88 ხმით მიიღეს, რასაც წინ უძღვოდა გენერალური პროკურორის შუამდგომლობის განხილვა. 2-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.