ჯოჯოხეთური მართლმსაჯულების არქიტექტორი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, დღეს პარლამენტი პროკურატურის გაგრძელებად იქცა. თუმცა, პოლიტიკური მართლმსაჯულების ეს შედეგები დადგა იმის გამო, რომ თავის დროზე 9 წლის განმავლობაში ჯოჯოხეთურ მართლმსაჯულების სისტემას აშენებდა „ნაცმოძრაობა“. ისინი იყვნენ საქართველოში ჯოჯოხეთური მართლმსაჯულების არქიტექტორები. ნუ დაავიწყდება ზოგიერთს, დღეს რომ სტუდიაში მოკალათებულა, მთავარი პროკურორი იყო მაშინ და ნახევარი საქართველო რუსეთის აგენტებად გამოაცხადა. ეს არ დამვიწყებია, მაგრამ მაშინ ვაპროტესტებდი ამას და ახლა „ქართულმა ოცნებამ“ თავზე ხელი გადაუსვა იმ პროკურორებს, „ნაცმოძრაობის“ მოყვანილ მტარვალ ხალხს და დააწინაურეს ძალადობის სიმბოლოები - ეს არის ჩემი მთავარი პრეტენზია და ამიტომ ვარ ოპოზიციაში და არ ვარ, მაგალითად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, როგორც ვიყავი 2012 წლამდე. შევახსენებ „ნაცმოძრაობას“ - ხომ ცუდია მათ წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკური მართლმსაჯულება? აბა, გაიხსენონ, ვინ შექმნა პოლიტიკური მართლმსაჯულება?“, - განაცხადა ელისაშვილმა.
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.
„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.
12 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უფრო მკაცრი ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოში წარსადგენად პარლამენტს მიმართა.